Facebook Twitter
საქმე №ას-69-65-2012 20 თებერვალი, 2012 წელი

№ას-69-65-2012 20 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდ. მეწარმე „ქ. ლ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ. მეწარმე „ქ. ლ-ის“ მიმართ საიჯარო ქირის დავალიანების – 1619,17 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს „ს. რ-ასა“ და ინდ. მეწარმე „ქ. ლ-ს“ შორის 2002 წლის 15 აგვისტოს გაფორმდა №5 საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 თებერვლამდე. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა 150 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ავტოტექ.მომსახურების ობიექტის ფუნქციონირებისათვის. საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა წლიური 600 ლარით, ხოლო, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5%-ის ოდენობით, მოიჯარისათვის საიჯარო ქირის დარიცხვა შეწყდა 2008 წლის 8 აპრილს, მაშინ, როდესაც შეიცვალა საიჯარო ფართის მესაკუთრე, კერძოდ, 2002 წლის 15 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გაცემული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეული. 2008 წლის 8 აპრილის მდომარეობით მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 1619,17 ლარი, საიადანაც ძირითადი თანხა 461,67 ლარია, ხოლო პირგასამტეხლო – 1157,50 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

2002 წლის 15 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებს შემდეგ, საჯარო რეესტრიდან მიღებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე არ იყო საიჯარო ხელშეკრულების ობიექტის მესაკუთრე და მას უფლება არ ჰქონდა, განეკარგა ქონება, ამასთან, 2011 წლის 9 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ საიჯარო დავალიანების – 461,67 ლარის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი ქ. ლ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ლ-ს შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 561 ლარისა და 67 თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს, არის თუ არა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით და მიუთითა, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს შპს „ს. რ-ასა“ და ქ. ლ-ს შორის გაფორმდა №5 იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 თებერვლამდე, საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა წელიწადში 600 ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ავტოტექ.მომსახურების ობიექტის ფუნქციონირებისათვის. ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ოდენობით. ქ. ლ-მა დაარღვია 2002 წლის 15 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი – დავალიანების 0,5% ყოველ გადაცილებულ დღეზე, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, გამომდინარე იქიდან, რომ თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში – 182.5%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება გონივრულობის სტანდარტებს. შპს „ს. რ-ის“ მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვილი 1157,50 ლარი, გაცილებით მეტია დავალიანების ძირითად თანხაზე, ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს. რ-ამ“ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააჭიანურა ქ. ლ-ისათვის დავალიანების მოთხოვნა, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდა, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელით მოთხოვილი პირგასამტეხლოს სრული ოდენობა – 1157,50 ლარი სწორად შეამცირა 100 ლარამდე. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის მე-400, 403-ე და 418-ე მუხლები, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლი გამოყენებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა რა, რომ ადგილი ჰქონდა მოვალის მიერ ვადის გადაცილებას, ანუ მე-400 მუხლით განსაზღვრულ პირობას, მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს თანხა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე და განმარტა, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს პროცენტის გადახდას თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა არა პროცენტის დარიცხვა, არამედ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი. ამავე კოდექსის 418-ე მუხლთან მიმართებით კი, სასამართლომ მიუთითა შემდეგზე: მოცემული ნორმა გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან ერთად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის ქმედებამ შეუწყო ხელი პირგასამტეხლოს თანხის გაზრდას, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გამოყენებული 418-ე მუხლის დანაწესი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და არსებობის მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, არამედ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის მე-400 და 418-ე მუხლები, ამასთანავე, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი. სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო – გადაუხდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არასწორად ჩათვალა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მოპასუხეს, ნაცვლად 1157,50 ლარისა, არასწორად დააკისრა 100 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით რეგულირებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა პირგასამტეხლო, რომელიც მხარეთა თავისუფალ ნებას ემყარება და კანონმდებელი მხარეებს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრით არ ზღუდავს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად პირგასამტეხლო სწორედ გადაუხდელი თანხის 0,05%-ითაა განსაზღვრული და სასამართლოს მიერ მისი ოდენობის შემცირებით დაირღვა სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია რა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დარღვეულად, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა შპს „ს. რ-ის“ მტკიცება, საკუთარი შეხედულებით გამოეყენებინა ხელშეკრულებითვე გათვალისიწნებული საჯარიმო სანქციები, აღნიშნულით კი, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მოთხოვნები. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, მართალია, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული არ ნიშნნავს სასამართლოს უფლებას, დააწესოს შეუსაბამოდ დაბალი პირგასამტეხლო, მთ უფრო, რომ იჯარის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, მეიჯარეს კი ამის თაბაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. კასატორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია მოწინაარმდეგე მხარის განმარტება მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მოგვიანებით მიმართვის შესახებ პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის მიზნით, რადგანაც შპს „ს. რ-ამ“, ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების თხოვნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო 2011 წელს – სასამართლოს, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდ.მეწარმე „ქ. ლ-ს“ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად უნდა განეხორციელებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 10 იანვრის №50 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ, საკასაციო შესაგებელზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული უნდა დაუბრუნდეს ინდ.მეწარმე „ქ. ლ-ს“, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე „ქ. ლ-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს „ს. რ-ას“ (ს/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) მის მიერ 2012 წლის 10 იანვრის №50 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი. ინდ. მეწარმე „ქ. ლ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.