Facebook Twitter

ას-75-71-2012 13 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 30 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის (2008-2009 წლების სწავლის საფასური), 2250 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხე ნ. კ-ე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 4 მარტის ¹3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მასთან არ გაფორმებულა ხელშეკრულება, იგი არ გამოცხადებულა უნივერსიტეტში, არ დასწრებია არც ერთ ლექციას. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მასთან არ ჩამოყალიბებულა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა და შესაბამისად მოპასუხეს არ წარმოშობია ვალდებულება სწავლის საფასურის გადახდის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. კ-ე არ გამოცხადებულა უნივერსიტეტში მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ, ანუ 2008 წლის 4 მარტის შემდეგ, თუმცა მას სასწავლო პროცესის ორ თვეზე მეტი ვადით თვითნებურად მიტოვების და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუწყდა მხოლოდ 2009 წლის 19 ივნისს, ე.ი. ფაქტობრივად ერთი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხეს არ გამოუთქვამს სურვილი სწავლის დაწყების თაობაზე, მასთან არ შესულა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, საერთოდ არ დასწრებია ლექციებს და შესაბამისად, მისგან არ მიუღია არანაირი მომსახურება (ს.ფ. 46-51)

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 54-64).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 4 მარტის ¹3-370 ბრძანებით ნ. კ-ე ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მასთან არ გაფორმებულა ხელშეკრულება, იგი არ გამოცხადებულა უნივერსიტეტში და არ დასწრებია არც ერთ ლექციას;

ნ. კ-ეს არ გადაუხდია სწავლის საფასური;

ნ. კ-ეს არ მიუმართავს განცხადებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით;

2009 წლის 4 მაისის ბრძანებით ¹3-209 ნ. კ-ეს შეუწყდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი თვითნებურად სასწავლო პროცესის მიტოვებისა და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის არ ჩამოყალიბებულა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა და შესაბამისად არ წარმოშობილა მოპასუხის ვალდებულება სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ჰ14 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სტუდენტი არის პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. ამავე კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი (საჯარო სამართლის იურიდიულ პირში _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში _ აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე) და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონიმიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ, უფლებამოსილ პირს _ უნივერსიტეტის რექტორსა და ნ. კ-ეს შორის სწავლის მიღებისა და შესაბამისად საფასურის გადახდის თაობაზე არანაირი გარიგება არ შემდგარა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სხვა შემთხვევებში სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ დგება წერილობითი გარიგება (ხელშეკრულება) სტუდენტსა და რექტორს შორის, სადაც გაწერილია ხელშემკვრელი მხარეების უფლება-ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ფაქტის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების იმ პირობების გონივრული გააზრებით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ სამართლებრივი ურთიერთობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ წერილობითი ხელშეკრულება იყო ის კანონშესაბამისი მტკიცებულება, სადაც უნდა ასახულიყო მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, ასევე მათი უფლებები, მათ შორის უმთავრესი, სწავლის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისი შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ.

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის არანაირი ხელშეკრულება არ დადებულა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ მომხდარა შეთანხმება გარიგების არსებით პირობებზე (სწავლის საფასური და ა.შ.). ასეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი რეალობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას არ გააჩნდა არანაირი საფუძველი, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 97-106).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რასაც ასაბუთებს შემდეგი მოსაზრებებით:

სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული განხილვა, რითაც დარღვეულია საპროცესო ნორმები. საქმე შეეხება ისეთ ურთიერთობას, რომელზეც დღეისათვის არ არის ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა;

სასამართლომ იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე 2008 წლიდან 2009 წლის 4 მაისამდე სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად და მიიჩნია, რომ სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობა და სასწავლო პროცესის თვითნებურად მიტოვება, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის უპირობო საფუძველია. რეალურად, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან/და თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მიმართავს უნივერსიტეტს სტატუსის შეწყვეტაზე, უნარჩუნდება სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველია სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის «დ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია «ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად». აღსანიშნავია «სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ» 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ მას სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. დასახელებული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. მოპასუხის, როგორც სტუდენტის მიმართ სტატუსის შესაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა სამი სემესტრის განმავლობაში მის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობა; რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, დადიოდა თუ არა მოპასუხე ლექციებზე, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული არ არის არსებითი მნიშვნელობის მქონე, რადგან მას სამართლებრივად ჰქონდა ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა, ხოლო თუ ლექციებს არ ესწრებოდა (ან თუნდაც ვერ იღებდა შეფასებებს), ეს მისი მხრიდან მხოლოდ დამატებით ბრალეულ ქმედებას წარმოადგენდა (ს.ფ. 108-116).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.