Facebook Twitter

№ას-76-72-2012 29 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი – ლ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - შ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სწავლის საფასურის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სწავლის საფასურის – 2500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე 2005 წლის 23 ოქტომბრის N3-168 ბრძანებით ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობით. მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება სწავლა-აღზრდისათვის ყველა პირობას შეუქმნიდა სტუდენტს, ხოლო შ. გ-ემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები. „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სწავლის საფასური გადაიხადოს სემესტრულად. შ. გ-ეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც 2008 წლის 29 დეკემბერს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სრულად დაფარა 2005-2006 სასწავლო წლის სწავლის საფასური, 2007 წლის 1 ივნისს დანაშაულის ჩადენისათვის დააკავეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რის გამოც სწავლა აღარ გაუგრძელებია, 2008 წელს კი, ჩააბარა მისაღები გამოცდები და სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:

1. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2005 წლის 24 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით შ. გ-ე, ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხა ისტორიის სპეციალობის პირველ კურსზე;

2. 2005 წლის 5 აგვისტოს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შ. გ-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან - გაირიცხებოდა;

3. შ. გ-ემ გადაიხადა 2005-2006 სასწავლო წლის სწავლის საფასური – 1000 ლარი;

4. უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, შ. გ-ეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, შეუწყდა რსუ-ს სტუდენტის სტატუსი;

5. მოპასუხეს 2011 წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დ. ლეკვეიშვილის მიერ გაეგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების – 2500 ლარის დაფარვის მოთხოვნით;

6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანატის ცნობით, შ. გ-ე 2008 წელს ჩაირიცხა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტზე;

7. შ. გ-ეს 2006-2007, 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წლებში ლექციებზე არ უვლია და საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია;

8. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის №1-52 ბრძანების საფუძველზე, მხარეები 2005-2006 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდნენ;

9. მოპასუხესთან შემდეგ წლებში წერილობითი სასწავლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა;

10. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15.09.2005წლის №1-52 ბრძანების, მეოთხე პუნქტის საფუძველზე, მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის (გარიცხვის) საფუძველი არსებობდა იმ დროიდან, როცა მან არ გადაიხადა 2006-2007 წლის სწავლის საფასური, 2006 წლის 20 ოქტომბრიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის საკითხის სააპელაციო ინსტანციაში დაყენება დაუშვებელი იყო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ და ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მხარეებს უნდა დაედოთ ახალი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც არ შემდგარა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ჩაითვლებოდა ისეთ ვითარებაშიც, თუ მოპასუხე შ. გ-ე განაგრძობდა უნივერსიტეტში სიარულით სწავლის მიღებას ან დადგენილ ვადაში თანხის გადახდით დაადასტურებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას. დადგენილია, რომ აღნიშნული გარემოებითაც არ დასტურდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება 2005-2006 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ. გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაგრძელებულა, არც წერილობით და არც ფაქტობრივი მოქმედებით, 2005 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად და მხარეებს შორის ახალი ურთიერთვალდებულებები აღარ არსებობს.

აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები სრულად და ყოველმხრივად არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირს სწავლის თვითნებურად მიტოვების ან სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაშიც უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი;

2. კანონმდებლობა უნივერსიტეტს არ ავალდებულებს სტუდენტი სასწავლებლიდან გარიცხოს ლექციებზე დაუსწრებლობის გამო. პირი სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ უფლებამოსილია შესაბამისი სასწავლო პროგრამისათვის გათვალისწინებულ ვადაში ისწავლოს გაუვლელი საგნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს „ბანკი რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს 2012 წლის 6 იანვრის N27 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.