№ას-7-7-2012 20 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ. კ-ო
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. კ-ი, ე. ა-ი, მ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. კ-მა მოპასუხეების - ე. ა-ისა და ვ. კ-ოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ 2007 წლის 10 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე ე. ა-ს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 43330 აშშ დოლარის (მათ შორის, სესხის ძირითადი თანხა - 15600 აშშ დოლარი, სამი თვის პროცენტი - 1404 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო, 2008 წლის 10 იანვრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე, 26326 აშშ დოლარი) გადახდა. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა მითითებული თანხის გადახდის მიზნით მომხდარიყო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების - ვ. კ-ოს საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.№107დ-ში მდებარე ბინა #27-ის აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია (ტომი I, ს.ფ. 2-13, 197-202).
მოგვიანებით, იმავე სასამართლოში სარჩელი აღძრა ვ. კ-ომ, რომელშიც მოპასუხეებად დაასახელა: ნ. კ-ი, ე. ა-ი და ნოტარიუსი მ. ბ-ი. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა 2007 წლის 10 ოქტომბერს ნ. კ-სა და ე. ა-ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ტომი I, ს.ფ. 68-77).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ე. ა-ს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20707.47 აშშ დოლარის გადახდა; დადგინდა, რომ დასახელებული თანხის გადახდევინება მომხდარიყო ვ. კ-ოს საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.№107დ-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - 57.62 კვ.მ ბინა №27-ის აუქციონზე რეალიზაციით. ამავე გადაწყვეტილებით ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. კ-ოს შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 10 ოქტომბერს ნ. კ-სა და ე. ა-ს, როგორც ვ. კ-ოს წარმომადგენელს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №1-19914, ნოტარიუსი მ. ბ-ი) ვ. კ-ოს მიერ დადებული სესხის (15600 აშშ დოლარის) ხელშეკრულების ნაწილში; ვ. კ-ოს შეგებებული სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
2007 წლის 9 ოქტომბერს ვ. კ-ომ ე. ა-ს მისცა მინდობილობა შემდეგი უფლებამოსილებით: იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.№107დ-ში, ბინა 27-ში; ყოფილიყო მისი წარმომადგენელი სანოტარო ბიუროსა და საჯარო რეესტრში, რისთვისაც აეღო და წარედგინა საჭირო დოკუმენტები, ხელი მოეწერა იპოთეკის ხელშეკრულებისა და სხვა საბუთებისათვის; განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა აღნიშნული დავალების შესრულებასთან;
2007 წლის 10 ოქტომბერს ნ. კ-სა და ე. ა-ს როგორც ვ. კ-ოს წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. კ-მა ე. ა-ს, როგორც ვ. კ-ოს წარმომადგენელს ასესხა 15600 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის გადახდით. იპოთეკარი ვალდებული იყო მესაკუთრისათვის სესხის თანხა სრულად გადაეცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტები უნდა დაბრუნებულიყო 3 თვის შემდეგ, 2008 წლის 10 იანვარს. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, საერთო თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.№107დ-ში მდებარე ბინა 27;
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.ბათუმში, ლ-ის ქ.№107დ-ში მდებარე ბინა #27-ზე იპოთეკის რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წლის 18 ნოემბერს;
ნ. კ-მა, ნოტარიუსის თანდასწრებით, სანოტარო ბიუროში, ვ. კ-ოს მინდობილ პირს ე. ა-ს სრულად გადასცა სესხის თანხა 15600 აშშ დოლარი;
მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ გადაუხადა მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტები.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის, ვ. კ-ოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ე. ა-ისათვის სესხის აღებისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ უფლებამოსილება არ მიუცია. ამ გარემოებას ადასტურებდა ვ. კ-ოს მიერ ე. ა-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, სადაც მხოლოდ მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებაზეა მითითებული. დასახელებულ მინდობილობაში არ არის აღნიშნული, რომ მიმნდობი მინდობილ პირს აძლევს მისი სახელით სესხის აღების ნებას. თავად მინდობილმა პირმა, ე. ა-მა სარჩელი სესხის ნაწილში ცნო და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ნ. კ-მა სესხის თანხა (15600 აშშ დოლარი) უშუალოდ მას გადასცა სრულად სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსის თანდასწრებით. ე. ა-მა ასევე განმარტა, რომ ვ. კ-ოსაგან მას მხოლოდ იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება გააჩნდა, ხოლო სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილება მიმნდობს არ მიუცია, ასეთი შეთანხმება მათ შორის არ ყოფილა. სესხის თანხა მას არ გადაუცია ვ. კ-ოსათვის და მოიხმარა თავად.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულება უნდა გაბათილებულიყო ვ. კ-ოს მიერ ნ. კ-ისაგან სესხის აღების ნაწილში და სესხის ხელშეკრულება დადებულად უნდა მიჩნეულიყო ე. ა-სა და ნ. კ-ს შორის.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში ძირითადი სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხე ე. ა-მა მთლიანად აღიარა 15600 აშშ დოლარის სესხების ფაქტი და იკისრა ვალდებულება თანხა დაებრუნებინა გამსასხებლისათვის, მხოლოდ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ძალიან დიდი იყო. საქალაქო სასამართლომ საქმის ვითარების (მოპასუხე ე. ა-ი იყო მსჯავრდებული, ჰქონდა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა) გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 0.02%-მდე.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულება ბათილი იყო იპოთეკის ნაწილშიც. სასამართლოს მითითებით, ვ. კ-ოს მიერ ე. ა-ზე გაცემული მინდობილობა ნამდვილი იყო, რასაც არც ვ. კ-ო უარყოფდა. ის გარემოება, რომ იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2008 წლის 18 ნოემბერს, ვერ გახდებოდა იპოთეკის გაუქმების საფუძველი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მინდობილობის გაცემიდან მეორე დღეს, 2007 წლის 10 ოქტომბერს. ვ. კ-ოს ნება მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ საეჭვო არ იყო, რაც დადასტურდა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. რაც შეეხებოდა ვ. კ-ოს მოტყუების ფაქტს და ამის გამო გარიგების მოჩვენებითობას, ეს მტკიცება სამართლებრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო (ტომი I, ს.ფ. 271-281).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის დადგენის (ძირითადი სარჩელის მოთხოვნა), ასევე, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის შესახებ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაუკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 295-299).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად.
იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ე. ა-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ვ. კ-ოსაგან მხოლოდ იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება გააჩნდა, ხოლო სესხის ხელშეკრულებაზე გაფორმების უფლებამოსილება მიმნდობს არ მიუცია, ასეთი შეთანხმება მათ შორის არ ყოფილა. სესხის თანხა ე. ა-ს არ გადაუცია ვ. კ-ოსათვის და მოიხმარა თავად. იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა მან სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებებშიც დაადასტურა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ვ. კ-ომ და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილი იყო, მაგრამ განმარტეს, რომ სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვა მოხდა ვ. კ-ოს ვალის უზრუნველსაყოფად, რომელიც მას გააჩნდა ე. ა-ის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ვ. კ-ომ და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილი იყო, ეს ხელშეკრულება ნამდვილად ვ. კ-ომ დადო, იგი მოტყუებით არ დადებულა.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლობა წარმოიშვა დავალების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე უდავოდ დგინდებოდა, რომ 2007 წლის 10 ოქტომბერს ნ. კ-სა და ე. ა-ს, როგორც ვ. კ-ოს წარმომადგენელს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სესხის ხელშეკრულების დადების ნაწილში, მაგრამ იგივე ხელშეკრულება ნამდვილი იყო ვ. კ-ოს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნაწილში, რადგან ამის უფლებამოსილება ეველენა ა-ს გააჩნდა 2007 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იპოთეკის გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა აპელანტის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ იპოთეკის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2008 წლის 18 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. კ-ოს ნება მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ საეჭვო არ იყო. უფლებამოსილება, რომლითაც აპელანტმა იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილება მიანიჭა ა-ს ნამდვილი იყო და ამას არც აპელანტი უარყოფდა. შესაბამისად, 2007 წლის 10 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ე. ა-ის მიერ იპოთეკით დატვირთვის ნაწილში ნამდვილი იყო და ბათილობას არ ექვემდებარებოდა. აპელანტმა მის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გაამყარა შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებდა (ტომი II, ს.ფ. 97-108).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ვ. კ-ოს მიერ ე. ა-ის სახელზე გაცემული მინდობილობა უკანონოდ ჩათვალა ამ უკანასკნელის მიერ მესამე პირებთან ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად, მაშინ როდესაც ა-მა აღიარა და დაადასტურა ის გარემოება, რომ კ-ოს მის მიმართ ჰქონდა ვალი. მან ისიც დაადასტურა, რომ კ-ომ მინდობილობა გასცა მისი მოთხოვნის გამო;
საკასაციო საჩივრის თანახმად, მოპასუხე ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლება ვ. კ-ოს მიერ ე. ა-ის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დაეტვირთა ვ. კ-ოს ქონება ნ. კ-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ვ. კ-ოს ა-ისათვის არ მიუნიჭებია ქონების მესამე პირების წინაშე უფლებრივად დატვირთვის უფლებამოსილება. ამდენად, სადავო იპოთეკის ხელშეკრულება კანონდარღვევითაა შედგენილი;
კასატორის მითითებით, იმ ფაქტს, რომ ვ. კ-ოს ჰქონდა ე. ა-ის ვალი, რის დაფარვასაც გამსასხებელი მოვალისაგან ითხოვდა, არ უარყოფს თავად ნ. კ-იც;
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ვ. კ-ომ და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურეს იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა. სინამდვილეში, მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ვ. კ-ომ ნამდვილად მიანიჭა ე. ა-ს ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა არა მესამე პირების, არამედ ამ უკანასკნელის წინაშე საკუთარი ვალის უზრუნველსაყოფად (ტომი II, ს.ფ. 125-132).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით ვ. კ-ოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. კ-ოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1731.78 ლარი) 70% - 1212.246 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ვ. კ-ოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რობერტ კ-ოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1731.78 ლარი) 70% - 1212.246 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.