№ას-82-78-2012 27 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. გ-მა მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 19 აგვისტოს №1/კ530 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 1-13, 102-109).
თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 122-128).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 133-145).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანების (#198/კ) საფუძველზე გ. გ-ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქარელის რაიონის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად;
2010 წლის 6 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლას მიეცა წეილობითი გაფრთხილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ისნპექციის შემოწმების საფუძველზე;
2010 წლის 9 აგვისტოს დ-ის საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის 2010 წლის 3 აგვისტოს შემოწმების საფუძველზე;
2010 წლის 19 აგვისტოს გ. გ-ი გათავისუფლდა დ-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან;
საქმეზე დადგინდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის შესახებ დასკვნა. დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სოფელ დ-ის საჯარო სკოლის საქმიანობაში დაფიქსირდა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის ფაქტები, მაგ: ორსულობისათვის დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის სოციალური მომსახურების სააგენტოში წარუდგენლობა, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს #231/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტი; ასევე საშტატო განრიგში შტატის გაუთავლისწინებლად მუშაკის დასაქმება, რითაც დაირღვა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „’დ’’ ქვეპუნქტი; სკოლის ქონების მესამე პირებზე გადაცემისას შესაბამისი კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველობა, რითიც დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ასევე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები. ამავე დასკვნის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება;
2010 წლის 9 აგვისტოს დ-ის საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემამდე, დ-ის საჯარო სკოლა გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დასკვნის საფუძველზე წერილობით გაფრთხილებულ იქნა 2010 წლის 6 აპრილს;
გ. გ-ი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის) 2010 წლის 19 აგვისტოს #1/კ530 ბრძანებით გათავისუფლდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან. საფუძვლად მიეთითა სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 3 აგვისტოს #...დასკვნაზე, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ’’ ქვეპუნქტზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის პრეტენზია ძირითადად შემოიფარგლებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 3 აგვისტოს დასკვნის კანონიერების, საფუძვლიანობის კრიტიკით, იგი არ შეიცავდა და არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები იმ ფაქტების საპირისპიროდ, რაც დაფიქსირებული იყო სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დარღვევის სახით, ასევე სკოლის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული დარღვევების სახით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 3 აგვისტოს #...დასკვნა, დ-ის საჯარო სკოლის პედაგოგთა განცხადებები, ასევე დ-ის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების განცხადება, შეიცავდა საკამრის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დ-ის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის თანამდებობაზე გ. გ-ის მუშაობის პერიოდში სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვისას დაფიქსირდა დარღვევები, ასევე სკოლის ქონების განკარგვისას დაფიქსირდა დარღვევები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-3 მუხლით, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; დასაქმებული არის ფიზიკური პირი რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებულისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოთ მოყვანილი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში რამდენადაც დავა გამომდინარეობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოშობილი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან, მასზე უნდა გავრცელებულიყო ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგება.
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გ. გ-ი წარმოადგენდა არა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორს (მოვალეობის შემსრულებელს), არამედ იგი დანიშნული იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირს, „’ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მითითებული ნორმის თანახმად, სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად, დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის დანიშვნა და გათავისუფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანებაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლებას ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორი სხვა უფლებამოსილებასთან ერთად ახორციელებს სკოლის მართვას, შეიმუშვებს საშტატო განრიგს; პასუხისმგებელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მომზადებაზე და სკოლის ქონების დაცვაზე.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ყუარდღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო (დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) ბრძანების გამოცემის მიზეზი და საფუძველი გახდა სწორედ გ. გ-ის მიერ, როგორც დირექტორის და როგორც სკოლის მართვაზე, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მომზადებაზე და სკოლის ქონების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შეუსრულებლობა. დგინდებოდა, რომ სწორედ გ. გ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში ორჯერ, კერძოდ განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 აპრილის #257 და 2010 წლის 9 აგვისტოს #638 ბრძანებით, დ-ის საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებული იქნა სკოლის საქმიანობაში დაფიქსირებული დარღვევების გამო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის წარმომადგენლის არგუმენტი იმის შესახებ, რომ დასკვნაში დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევებით, მაგალითად სკოლის მიერ შესაბამისი ორგანოსათვის დოკუმენტების (ორსულობისათვის დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტები) წარუდგენლობით, არ წარმოშობილა ზიანი, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით, არ იყო მისაღები, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი იყო სკოლის საქმიანობის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირის ქმედებებში თავად დარღვევის შესახებ ფაქტების არსებობა და არა ამ დარღვევით გამოწვეული შედეგების შესახებ საკითხი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილი იყო დ-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მის მიერვე დანიშნული პირი გ. გ-ი.
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე არ არსებობდა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დარჩენილიყო (ტომი II, ს.ფ. 45-55).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის გარემოებები, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. გ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 3 აგვისტოს №...დასკვნა, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო;
გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო საკმაოდ ფართოდ მსჯელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უფლებამოსილებაზე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების შესახებ და იმ ფაქტზე, რომ გ. გ-ი არ წარმოადგენდა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორს. ეს საკითხი არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავო არ გამხდარა, კასატორი არ დავობს იმაზე, გააჩნდა თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. დავის საგანს წარმოადგენს მისი უკანონოდ გათავისუფლება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან;
კასატორს მიაჩნია, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე მითითება, არასწორია. სინამდვილეს არ შეესაბამება ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაში №...მითითებული გარემოებები. დასკვნა შედგენილია გარკვეული დაინტერესებული პირების ზეგავლენით, მასში ასახული ინფორმაცია არ უნდა შეფასდეს შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად;
კასატორი მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 3 აგვისტოს №...დასკვნის საფუძველზე, 2010 წლის 9 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოიცა №638 ბრძანება, სოფელ დ-ის საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის თაობაზე, რომლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლას შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინფორმაციის წარმოდგენა, ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მიუხედავად ამ მოთხოვნისა, დადგენილი ვადის გასვლამდე, ანუ სკოლის მიერ დარღვევებზე რეაგირებამდე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2010 წლის 19 აგვისტოს გამოიცა ბრძანება №1/კ530 გ. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რითაც დაირღვა აპელანტის კანონიერი უფლებები და ინტერესები. მას არ მიეცა საშუალება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარედგინა საკუთარი მოსაზრებები (ტომი II, ს.ფ. 57-67).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ. გ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 30 იანვარი, სალაროს შემოსავლის ორდერი № 1, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% –210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.