№ას-88-84-2012 20 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 15 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე მ. ე-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის, მთლიანობაში 3125 ლარის დაკისრება (ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2005 წლის 21 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით მ. ე-ე ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩაირიცხა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის - ბიოლოგია გაძლიერებული ინგლისურის სწავლებით სპეციალობის პირველ კურსზე;
2005 წლის 26 ნოემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მ. ე-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს რექტორის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან – გაირიცხებოდა;
მ. ე-ემ გადაიხადა 2005-2006 სასწავლო წლის სწავლის საფასური – 1250 ლარი;
უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით მ. ე-ეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუწყდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეზე დადგინდა შემდგომ წლებში (საუბარია 2005-2006 წლების შემდგომ წლებზე) მოპასუხესთან წერილობითი სასწავლო ხელშეკრულება აღარ გაფორმდა; მოპასუხეს 2006-2007, 2007-2008, 2008-2009 სასწავლო წლებში ლექციებზე არ უვლია და საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხე უნივერსიტეტთან აღარ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არც ის დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით გაგრძელდა ხელშეკრულება. მოპასუხის განმარტებით, მან გააფრთხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (დეკანატი), რომ ვეღარ აგრძელებდა სწავლას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა 2005 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულების იმ დანაწესზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხეს რექტორის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან - გაირიცხებოდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესზე“, კერძოდ, ამ წესების მე-4 მუხლის პირველ და მეხუთე პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში გადაიხადოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური; დაუშვებელია სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში მისი გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანების მე-4 ნაწილის მიხედვით, დაწესდა სწავლის საფასურის სემესტრული გადახდა. ამასთან, პირველი ნახევრის (I სემესტრი) საფასურის (50%) გადახდის ვადად (გარდა I კურსისა) დადგინდა მიმდინარე წლის 20 სექტემბერი, ხოლო მეორე სემესტრის – მომდევნო წლის 20 თებერვალი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტი ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 31-ე მუხლით, სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხდელობისას, ხოლო 32-ე მუხლით, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ გამოყენებული იქნება შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 12 სექტემბრის №70 დადგენილებით დამტკიცებული შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დებულების მე-4 მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად, სტუდენტის მიერ ორი თვით სწავლის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში მას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი. ამავე მუხლის 26-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს პირადი სურვილით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი წესების თანახმად, მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის (გარიცხვის) საფუძველი არსებობდა იმ დროიდან როცა მან არ გადაიხადა 2006-2007 წლის სწავლის საფასური. გარდა ზემოთ დასახელებული ნორმებისა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ მოიხმო უნივერსიტეტის დებულების მე-4 მუხლის 25-ე ნაწილი, რომლის თანახმად, სტუდენტის მიერ ორი თვით სწავლის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში მას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი. დებულების ამ დანაწესის შინაარსის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ სტუდენტს ზემომითითებულ ვითარებაში უწყდებოდა სტატუსი და შემდეგი პერიოდის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება აღარ უნდა დაკისრებოდა. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ სტუდენტს უნივერსიტეტის შინაგანაწესით, წესდებით, „სწავლის საფასურის გადახდის წესებითა“ და არც ხელშეკრულებით არ ეკისრებოდა ვალდებულება უნივერსიტეტისაგან საგანმანათლებლო მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაშიც გადაეხადა სწავლის საფასური. ასეთი ვალდებულების არსებობა არ დასტურდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (ს.ფ. 56-64).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება (ს.ფ. 67-78).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასაბუთება და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოცემულ შემთხვევაში არსებითად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. ამდენად, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მ. ე-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლიდან არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი არ მიუღია. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე დაუსაბუთებელი იყო. აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 124-134).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რასაც იგი ასაბუთებს შემდეგი მოსაზრებებით:
სასამართლომ იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2006 წლიდან 2008 წლამდე მოსარჩელესთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან/და თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მიმართავს უნივერსიტეტს სტატუსის შეწყვეტაზე, უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველია სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია „ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად“. აღსანიშნავია „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ მას სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. დასახელებული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან (ს.ფ. 108-116).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 6 იანვარი, საგადასახადო დავალება № 23, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.