Facebook Twitter

ას-92-88-2012 13 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ო-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 5 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ქ. ო-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის, მთლიანობაში 3000 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ო-ე 2006 წლის 30 სექტემბერს ¹3-510 ბრძანებით ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; ქ. ო-ეს დადგენილ ვადაში არ მიუმართავს განცხადებით უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით; ქ. ო-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹3-694 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი; ქ. ო-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების შესახებ და განესაზღვრა ვადა თანხის გადასახდელად.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის სწავლის საფასურის გადახდის დაკისრებას სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემამდე. მისი მოსაზრებით, ქ. ო-ე 2008 წლის 29 დეკემბრამდე ითვლებოდა სტუდენტად და მასზე ირიცხებოდა სწავლის საფასური.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოთ მოყვანილი მოსაზრება სტუდენტის სტატუსსა და დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:

ქ. ო-ე 2006 წლის 30 სექტემბერს ¹3-510 ბრძანებით ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე;

2006 წლის 18 სექტემბერს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ავალდებულებდა უნივერსიტეტის შინაგანაწესის და ადმინისტრაციის ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას და დადგენილ ვადებში სწავლის საფასურის გადახდას; იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის მიერ დადგენილ ვადაში არ გადაიხდებოდა სწავლის საფასური, ის ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან; ხელშეკრულების მოთხოვნის ერთ-ერთი მხარის მხრიდან შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულება ცხადდებოდა ძალადაკარგულად;

«2006-2007 სასწავლო წლისათვის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების გრაფიკების დადგენის, ამოქმედების და არასაბიუჯეტო სექტორის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესახებ» სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2006 წლის 15 სექტემბრის ¹1-170 ბრძანების მესამე პუნქტის თანახმად, ფასიანი სწავლების სტუდენტებისათვის დადგინდა სწავლის საფასურის გადახდა სემესტრების მიხედვით (50%-50%) ეტაპობრივად და ბოლო ვადად განისაზღვრა პირველი სემესტრისათვის _ 30 ნოემბერი, ხოლო მეორე სემესტრისთვის 30 აპრილი. სწავლის წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან. ამავე ბრძანების მეოთხე პუნქტის თანახმად, პირველკურსელთა რეგისტრაციისას მათთან ხელშეკრულების გაფორმების დასრულების ვადად დადგინდა 2006 წლის 30 სექტემბერი.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2006 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე. ამიტომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მასზე უნდა გავრცელებულიყო ზემომითითებული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.

მოპასუხის განმარტებით დადგინდა, რომ მას 2006 წლის სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში გავლილი ჰქონდა სასწავლო კურსი და შესაბამისად გადახდილი ჰქონდა სწავლის საფასური, ხოლო მომდევნო სასწავლო წლებში მას სწავლა აღარ გაუგრძელებია. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულით დასაბუთებულად ივარაუდებოდა, რომ ქ. ო-ემ ვალდებულება დაარღვია 2007 წლის დასაწყისში, რადგან სწავლის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო 2007 წლის არაუგვიანეს 30 აპრილისა. მოცემული ვალდებულების დარღვევას სადავად არც ერთი მხარე არ ხდიდა, ორივე აღიარებდა, რომ დავალიანება 2006-2007 სასწავლო წლისათვის შეადგენდა 750 ლარს, აღნიშნული დარღვევა კი მხარეთა ხელმოწერილი ხელშეკრულებით ითვალისწინებდა მის ძალადაკარგულად გამოცხადებას და სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას, რაც თავისთავად წყვეტდა მხარეთა ვალდებულებებსაც.

სარჩელის თანახმად, ქ. ო-ეს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა 2008 წლის 29 დეკემბრის ¹3-694 ბრძანებით, სადაც ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც გამოცემულ იქნა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გაფორმდა. სადავო პერიოდში კი მოქმედებდა უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ბრძანება 2006-2007 სასწავლო წლებისათვის დადგენილი სწავლის საფასურის გადახდის შესახებ, რომელიც ასევე ითვალისწინებდა სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადახდას, რაც დაირღვა.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ო-ე 2008 წლამდე ვერც სამართლებრივად და ვერც ფაქტობრივად სტუდენტად ვერ მიიჩნეოდა.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2008 წლის 29 დეკემბრიდან, რა დროსაც მოხდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, ვინაიდან მოცემული ბრძანება არ წარმოადგენდა მოთხოვნის წარმოშობის ვადის დამდგენს. ის რომ, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა მოხდა 2008 წლის დეკემბერში, არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოთხოვნის უფლება არ არსებობდა ამ დრომდე, თუკი რათქმაუნდა არსებობდა მოთხოვნის საფუძველიც. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ სარჩელით იმ პერიოდში, რა პერიოდშიც მოსარჩელე მოითხოვდა თანხის დაკისრებას, არ დასტურდებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობები. შესაბამისად, არც მოპასუხის ვალდებულება არსებობდა (ს.ფ. 77-86).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 89-100).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ ქ. ო-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ უსწავლია, გარდა ერთი სემესტრისა. ამასთან, მას არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 154-163).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რასაც ასაბუთებს შემდეგი მოსაზრებებით:

სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული განხილვა, რითაც დარღვეულია საპროცესო ნორმები. საქმე შეეხება ისეთ ურთიერთობას, რომელზეც დღეისათვის არ არის ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა;

სასამართლომ იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2006 წლიდან 2008 წლამდე მოსარჩელესთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან/და თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მიმართავს უნივერსიტეტს სტატუსის შეწყვეტაზე, უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველია სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის «დ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია «ზედიზედ სამი სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად». აღსანიშნავია «სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ» 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ მას სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. დასახელებული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან (ს.ფ. 108-116).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.