№ას-94-90-2012 27 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შინაგან საქმეთა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ეს მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 3585 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2010 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბალანსზე რიცხული „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით „...“. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო დაწყებული წინსაწარი გამოძიებისას დადგინდა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და მოპასუხე ა.ს-ე ცნობილ იქნა ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებაში ბრალდებულად, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად განესაზღვრა გირაო. წინასწარი გამოძიებისას ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის №659/ა დასკვნით დადასტურდა, რომ „ვაზ 212113“ მარკის №„...“ ავტომობილის მძღოლ ა. ს-ეს ქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30.1 „ა“ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას შესაძლებლობა ჰქონდა თავიდან აეცილებინა მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, №18218/04/1 ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ა.ს-ეს სისხლში ეთილის სპირტის 1,68%-ის არსებობა, რაც საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობაა, ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №210, №2111, №2112, №2113 და №2114 დასკვნებით განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. ავტოსაგზა-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ღირებულება 9960 ლარია, დადგინდა ის გარემოებაც, რომ ავტომობილის შეკეთება არაა მიზანშეწონილი. ავტომობილის ღირებულებიდან მოპასუხემ საკუთარი ინიციატივით აანაზღაურა 3675 ლარი, ამდენად, მოსარჩელემ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ს მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 13 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ს-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3585 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 107,55 ლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით კი, ძალაში იქნა დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა. ს-ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ აღძრულ იქნა სარჩელი ა. ს-ეს მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ა. ს-ეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მიეცა ვადა შესაგებლის წარმოდგენისათვის 5 (ხუთი) დღე. სარჩელი და თანდართული მასალები ა.ს ს-ეს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 7 ივლისს, ხოლო მოპასუხეს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია მითითებულ ვადაში და არც რაიმე საპატიო მიზეზზე მიუთითებია შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის გაგრძელების შესახებ. პალატამ გაიზიარა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მოთხოვნის იურიდიულად გამართლების შესახებ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს იძლეოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა.ს ს-ეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 3585 ლარის ანაზღაურება. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის – 107,55 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა ა. ს-ეს 2011 წლის 21 ივლისს. 2010 წლის 11 აგვისტოს ა. ს-ემ წარადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის მიზეზი იყო მოპასუხის ავადმყოფობა. ა.ს-ე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიღებულ დოკუმენტებზე მოეხდინა გააზრებული რეაგირება, არ ჰქონდა ადვოკატთან საკონსულტაციოდ მისვლის შესაძლებლობა, ამასთანავე, სარჩელი არ იყო იურიდიულად გამართლებული. ა. ს-ემ საჩივარს დაურთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2010 წლის 25 ივლისს გაცემული №54 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ ა. ს-ე ავად იყო 2011 წლის 4 ივლისიდან 11 ივლისამდე, დიაგნოზით: საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, ნეიროტოქსიკოზმი. ამ ცნობის საფუძველზე პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ ა. ს-ეს 2011 წლის 6 ივლისიდან (სარჩელის და თანადართული მასალების ჩაბარებიდან) 2011 წლის 11 ივლისამდე (5-დღიანი ვადის გასვლა შესაგებლის წარმოდგენისათვის), ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეეძლო მიღებულ დოკუმენტებზე რეაგირების მოხდენა და იურიდიული კონსულტაციის გავლა, უფრო მეტიც, როგორც თავად მიუთითებს, ა. ს-ე სასამართლოში გამოცხადდა გზავნილის ჩასაბარებლად. საქმეში არსებული მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გზავნილი ა. ს-ემ ჩაიბარა 2011 წლის 6 ივლისს, ანუ მხარეს შეეძლო სასამართლოსთვის ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოეთხოვა შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელება, რაც მას არ განუხორციელებია. პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის ფაქტი, დადგენილად ჩათვალა ასევე, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არის გამოწვეული არასაპატიო მიზეზით, ანუ 2010 წლის 4 ივლისიდან 11 ივლისამდე ა. ს-ეს, ავადმყოფობის გამო, არ შეეძლო გადაადგილება ზემოაღნიშნულ ცნობაში არ იყო მითითებული. აღნიშნულის დაფიქსირება სავალდებულოა იმისათვის, რომ არ იქნას მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მეორე სავალდებულო წინაპირობაზე, კერძოდ, რომ იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე, 992-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2321 მუხლით, 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 233-ე მუხლით და განმარტა, რომ კონკრეტულ საქმეზე 2011 წლის 13 ივლისს არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგანაც მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით და სარჩელში მითითებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილებს გაუქმების შესაძლებლობა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, ამასთანავე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება სასარჩელო მოთხოვნის სარჩელში მითითებული გარემოებებით იურიდიულად გაუმართლებლობის თაობაზე. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაგებლის წარუდგენლობის ისეთი საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არც მითითებული საფუძველი არსებობდა. მხარის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილი საჩივრით ვერ იქნა დადასტურებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოებანი არ იყო გამყარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულებებით, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სწორად მიიღო განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა არჩილ ს-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე 2011 წლის 4 ივლისიდან 2011 წლის 11 ივლისამდე ავად იყო, თუმცა არასწორად მიიჩნია, რომ მითითებული არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო საფუძველს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად არ გაიზიარეს კასატორის განმარტება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ 6 თვის განმავლობაში ა.ს-ე მიჯაჭვული იყო სარეცელს, დაინვალიდდა, რის გამოც შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, 2011 წლის 4 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მეზობლების დახმარებით ის გადაყვანილ იქნა წყალტუბოს საავადმყოფოში და დაუდგინდა ტოქსიკოინფექცია ნეიროტოქსიკოზის ფორმით, რამაც მეტად გააუარესა კასატორის ჯანმრთელობა. ამ დღეებს დაემთხვა კურიერის სატელეფონო შეტყობინება და სასამართლოში გამოცხადება. ვინაიდან ა.ს-ე პირობით მსჯავრდებულია, მან ჩათვალა, რომ გამოძახება საპრობაციო აღრიცხვაზე აყვანას შეეხებოდა და ის ტრანსპორტირებულ იქნა მწოლიარე მდგომაროებაში. გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგანაც ა.ს-ეს კიბეზე ასვლა არ შეეძლო, კურიერმა სარჩელი და სხვა დოკუმენტები ჩააბარა სატრანსპორტო საშუალებაშივე, ხოლო გზის სირთულიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობა კიდევ გაუარესდა, სოფელში დაბრუნების შემდგომ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაუგრძელდა წოლითი რეჟიმი, აღნიშნულის გამო, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას გააზრებული რეაგირება მოეხდინა სასამართლოს მიერ გადაცემულ დოკუნეტებზე, ან გაევლო კვალიფიციური კონსულტაცია ადვოკატთან. სასამართლომ ასევე არასწორად არ გაიზიარა ა.ს-ეს განმარტება, რომ მას კურიერმა ჩააბარა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც კასატორმა ვერ შეძლო ზემოაღნიშნული მიზეზით სასამართლოში გამოცხადება, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სწორედ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა პატივსადები მიზეზით იყო განპირობებული. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უმართებულობად კასატორმა ასევე მიიჩნია ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რადგანაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ავტომობილის საბალანსო ღირებულებასა და ა.ს-ეს მიერ ანაღაურებული თანხის სხვაობით. საქმეში წარმოდგენილი განაჩენითა და წინასწარი გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „მერსედესის“ ექსპლოატაციაში ყოფნისა და ავტოსაგზაო შემთხვევამდე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, დაზიანებული ავტომობილის ღირებულება 7500 ლარი იყო, აღნიშნული დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია, მითითებული გარემოება დასტურდება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერაც, როდესაც 6375 ლარის ანაზღაურებამდე მისი შუამდგომლობით არ შემდგარა საპროცესო შეთანხმების აქტი. ექსპერტის მიერ დადგენილ იქნა, რომ დაზიანებული ავტომობილის 15%, რაც თანხაში გამოხატული 1125 ლარს შეადგენს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ანალოგიური მოდელის ავტომობილის სათადარიგო ნაწილებად, საქმეში წარმოდგენილი განაჩენითვეა დადგენილი, რომ დაზიანებული ავტომობილი უბრუნდება მესაკუთრე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავტომობილის ღირებულება ასევე არასწორადაა გამოანგარიშებული, რადგანაც 1993 წელს გამოშვებულ ავტომობილს, ექსპლოატაციაში ყოფნით გამოწვეული ცვეთის გამო, შეუძლებელია გააჩნდეს საბალანსო ღირებულება, აღნიშნული რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება, ამდენად, სასამართლოს დასკვნა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლების შინაარსიდან არ გამომდინარეობს. კასატორის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობა მოსარჩელის მიერვეა დადგენილი, რადგანაც საექსპერტო დასკვნის თანახმად, ის სწორედ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მამუკა დათიაშვილის მიმართვის საფუძველზე ჩატარდა, ხოლო ამავე დასკვნით დადგინდა ავტომანქანის დაზიანებამდელი ღირებულება – 7500 ლარი, ნარჩენი ნივთის ღირებულება – 1125 ლარი და ზიანის ოდენობა – 6375 ლარი, რაც ა.ს-ეს მიერ ანაზღაურებულია, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების მეორე აუცილებელი წინაპირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას არ ამართლებდა იურიდიულად, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო ვალდებული იყო, სარჩელი დაეკმაყოფილებინა არა სრულად, არამედ 11085 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ს-ეს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ს-ეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ს-ეს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, პალატა თვლის, რომ ა. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გურამ კუხიანიძის მიერ №4863441 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 10 თებერვალს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ს-ეს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ა. ს-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) გურამ კუხიანიძის მიერ №4863441 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 10 თებერვალს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.