№ა-4155-2011 6 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა ვ. ი-მა მოპასუხე ს. ვ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი და მოპასუხის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, რომლის საერთო ფართია 986 კვ.მ, რეალურად გაყოფა, კერძოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 525 კვ.მ ფართის მისთვის მიკუთვნება (ტომი 1, ს.ფ 1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ ბათუმში, კ-ის ქ.№83-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის გაყოფა მომხდარიყო №1967/5 ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნახაზის მიხედვით, ვ. ი-ს მიეკუთვნა 528.5 კვ.მ ფართი, რაც ნახაზის მიხედვით წარმოადგენდა კ-ის ქ.№83-ში მდებარე ფართს, ხოლო ს. ვ-ის წილი განისაზღვრა 7/15-ით, ანუ 462 კვ.მ ფართით, რაც ნახაზის მიხედვით წარმოადგენდა კ-ის ქ.№83ა-ში მდებარე ფართს (ტომი 1, ს.ფ. 83-86).
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ვ-ემ (ტომი 1, ს.ფ. 90-92).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ.ბათუმში, კ-ის ქ.№83-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყო ვ. ი-სა და ს. ვ-ეს შორის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 17 აგვისტოს №13-4862 დასკვნის დანართი №1-ის შესაბამისად, ისე, როგორც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ეკავათ მხარეებს და ხსენებულ მისამართზე ვ. ი-ს მიეკუთვნა 317.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ს. ვ-ეს მიეკუთვნა 669.5 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტომი 2, ს.ფ. 73-77).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. ი-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 115-118).
2011 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ვ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (ტომი 3, ს.ფ. 1-2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ვ. ი-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში (ტომი 3, ს.ფ. 54-56).
მოგვიანებით, ვ. ი-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, მან არაერთხელ განუცხადა აცილება მოსამართლე სიმონ ჩხაიძეს. ამ მოსამართლის თავმჯდომარეობით საქმეზე მიღებულ იქნა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც გააუქმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მოსამართლემ არამართლზომიერად არ მისცა თავის თავს აცილება და დამალა ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხილული იყო მის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი. აღნიშნულის თაობაზე იცოდა დანარჩენმა ორმა მოსამართლემ, რომლებმაც ასევე დამალეს მითითებული ინფორმაცია. ამდენად, საქმე განხილულ იქნა მოსამართლეების დაინტერესებით. შედეგად, შეილახა განმცხადებლის კანონიერი, კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება (ტომი 3, ს.ფ. 144-145).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ვ. ი-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ მოსამართლეს, რომელიც, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში; რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება სასამართლომ მიიღო; რომელიც დროებით გადაყენებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და ის არ შეუყვანიათ ამ შემადგენლობაში, კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან არც ერთი და არც განმცხადებელს მიუთითებია მათზე. ამდენად, გასაჩივრებული განჩინების მიღებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა კოლეგიური შემადგენლობის ყველა მოსამართლეს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა ასევე, რომ განმცხადებელი, არსებითად, განჩინების ბათილად ცნობას მოითხოვდა იმიტომ, რომ უკანონოდ მიაჩნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამასთან, იგი თვლიდა, რომ მოსამართლეს არ უნდა მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა, რადგან განმცხადებელმა მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებულ შემთხვევებში, კანონი არ უზღუდავდა მოსამართლეს საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებას. შესაბამისად, განცხადება უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი 3, ს.ფ. 150-152).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ვ. ი-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება (ტომი 3, ს.ფ. 178).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ვ. ი-ის კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული საპროცესო ნორმა ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) ბათილად ცნოს და საქმეზე წარმოება განაახლოს.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნას განმცხადებელი აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე ს.ჩხაიძემ უკანონოდ არ აიცილა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავდა ამ საქმესთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს. შესაბამისად, მოსამართლე ს.ჩხაიძე არ იყო უფლებამოსილი მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები კანონითაა დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქმის განხილვისაგან მოსამართლის ჩამოცილების და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში მისი მონაწილეობის გამომრიცხველ კანონისმიერ საფუძველს. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილება მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების, მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების გამო. მითითებული კანონის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისიწნებს გამონაკლისს, როდესაც მოსამართლე შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს საქმის განხილვისაგან, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან. ამდენად, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე ს.ჩხაიძე დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან.
რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უკანონობაზე და ამ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ კანონდარღვევებზე, საკასაციო სასამართლო მითითებულ გარემოებებზე ვერ იმსჯელებს, რამდენადაც აღნიშნული სცილდება საქმის წარმოების განახლების ფარგლებს. გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დასახელებული ზემომითითებული გარემოებები არ განეკუთვნებიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის არც ერთ საფუძველს. შესაბამისად, მათზე დაყრდნობით განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ი-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.