№ას-120-116-2012 23 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ც-ე და ლ. ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების სამისდღემშიო ხელშეკრულებად ცნობა და სამისდღემშიო ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2009 წლის 3 ივლისს ლ. ქ-ეს, ბ. და ლ. ც-ეებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება აღიარებულ იქნა სამისდღემშიო ხელშეკრულებად. ლ. ქ-ის მოთხოვნა 2009 წლის 3 ივლისის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე სამოქალქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა აპელანტი გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლისდადგენამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო სამქეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბერს საქმის წარმოება ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე განახლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე პალატამ განიხილა ლ. ქ-ის ძმის – ლ. კ-ის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების, მათ შორის ნოტარიუს ნ. ბ-ს 2010 წლის 17 დეკემბრის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის ტქმის შესახებ, რომლითაც სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-ის გარდაცვალების, 2010 წლის 21 აპრილის შემდეგ, კანონით განსაზღვრული განმავლობაში სანოტარო ბიუროში არ შემოსულა ლ. კ-ის განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ და განმცხადებელმა ვერანაირი დოკუმენტით ვერ დაამტკიცა ლ. ქ-ის სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. ასევე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სანოტარო ბიუროსათვის ლ. კ-ის გარდა , 2010 წლის 21 აპრილს გარდაცვლილ ლ. ქ-ის დანაშტ ქონებაზე, განცხადებით სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით სხვა პირს არ მიუმართავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დადამასტურებელი დოკუმენტისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2012 წლის 20 თებერვალს ლ. კ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით, მაგრამ არ წარმოადგინა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დადამასტურებელი დოკუმენტი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დადამასტურებელი დოკუმენტისა დაგადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2012 წლის 20 თებერვალს ლ. კ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 1 თვით, მაგრამ არ წარმოადგინა კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დადამასტურებელი დოკუმენტი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი..
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.