ას-130-125-2012 3 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ საერთო სარგებლობაში არსებული სასაფლაოს მიწის გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე თ. ლ-ის მიმართ საერთო სარგებლობაში არსებული სასაფლაოს მიწის გაყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა 2011 წლის 1 დეკემბრის მორიგების აქტი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა. მორიგების აქტი მხარეთა შორის დამტკიცდა შემდეგი პირობებით: «გ. ლ-ს გამოეყო სასაფლაოს ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან სამხრეთით 2,20 მეტრი, ხოლო იმავე ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან დასავლეთით 2,50 მეტრი. გ. ლ-ისათვის გამოყოფილ ნაწილთან მისასვლელად მოეწყო ჭიშკარი სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხიდან 2,30 მეტრის დაცილებით. ჭიშკარის და მისასვლელი გზის სიგანე 0,50სმ. გ. ლ-მა იკისრა ვალდებულება შემოღობოს მისთვის გამოყოფილი სასაფლაოს ნაწილი, ხოლო თეიმურაზ ლ-მა იკისრა ვალდებულება შესასვლელი გზის გასწვრივ შემოღობოს სასაფლაო და ჩადგას ჭიშკარი.»
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრიით გაასაჩივრა გ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ გ. ლ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება გ. ლ-ს ჩაბარდა 2011 წლის 8 დეკემბერს (ს.ფ.152), ხოლო კერძო საჩივარი მან შეიტანა 2012 წლის 16 იანვარს (ს.ფ.154-160), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 დეკემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ლ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ლ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.