Facebook Twitter

№ას-133-128-2012 21 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: განქორწინებულია ა. ნ-ესთან, რომელთანაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი თ.ნ ჯ-ი, შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურ იხდის ალიმენტს 250 ლარს. ალიმენტის გადახდის თაობაზე ვალდებულებას 2010 წლის აპრილამდე კეთილსინდისიერად ასრულებდა. ამჟამად არის დროებით უმუშევარი, რის გამოც ვეღარ ახერხებს ალიმენტის დადგენილი ოდენობით -250 ლარის გადახდას და მოითხოვა ალიმენტის შმცირება 30 ლარამდე.

მოპასუხემ ა. ნ-ემ სარჩელის არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2010 წლიდან არის უმუშევარი, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთან,ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება აუცილებელი, რაც დაკავშირებული შვილის სათანადაო აღზრდისა და რჩენისათვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ. ჯ-ს მისი არასწრულწლოვანი შვილის 2007 წლის 10 ნოემბერს დაბადებული თ.ნ ჯ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან 2011 წლის 29 სექტემბრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე ან და მდგომარეობის შეცვლამდე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი ითხოვს ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 70 ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება შეადგენს 840 ლარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: იგი არის უმუშევარი არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, შესაბამისად, გაუგებარია, თუ საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ მას შეუძლია თუნდაც 100 ლარის ალიმენტის გადახდა. ის არ ითხოვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან განთავისუფლებას, არამედ ითხოვს ალიმენტის 30 ლარამდე შემცირებას იმ მოტივით, რომ მას ფიზიკურად არ გააჩნია რაიმე სახის შემოსავალი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი ა. ნ-ის მიმართ ალიმენტის შემცირების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც დ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ ოდენობას 100 ლარის ნაწილში და მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად არა 100 ლარის, არამედ 30 ლარის დაკისრება, შესაბამისად, აპელანტმა გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მისთვის 70 ლარის დაკისრების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს ერთ წელზე (12 თვეზე) 70 ლარის გაანგარიშებით, რაც შეადგენს 840 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დ. ჯ-მა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 840 ლარით სწორად განსაზღვრა და მართებულად დაასკვნა, რომ იგი კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.