№ას-1528-1534-2011 27 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 30 სექტემბერს თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი. ჩ-ის წარმომადგენელმა ავთანდილ ვახტანგიშვილმა და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნ. წ-ის კუთვნილ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, რომელიც აღმასრულებლის ნ. ს-ას აქტით იქნა დაყადაღებული 2011 წლის 20 ივლისს. ასევე მოითხოვა მოვალე ნ. წ-ის სახლეზე საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში გახნილ აგრარიშსა და ანაბარზე ყადაღის დადება, ასეთის არსებობის შემთხევაში.
განმცხადებელმა განმარტა, რომ თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „მ-ის“ 2009 წლის 07 ივლისს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის საარბიტრაჟო სარჩელი და მოპასუხე ნ. წ-ს ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 4000 აშშ დოლარის, ასევე პროცენტის სახით 1000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 12 აშშ დოლარის გადახადა იძულებით აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღმასრულებელმა ნ. ს-ამ მოიძია მოპასუხე ნ. წ-ის ერთადერთი მოძრავი ქონება და 20.07.2011 წლის აქტით აღწერა იგი და დააყადაღა.
თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „მ-ის“ 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების (რომლითაც გაუქმდა ამავე არბიტრაჟის 2009 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება) სასამართლოს მიერ ცნობისა და აღსრულების შედეგად გაუქმდება აღმასრულებელ ნ. ს-ას მიერ 2011 წლის 20 ივლისს მოპასუხე ნ. წ-ის კუთვნილ მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა და, მიუხედავად იმისა, რომ დავა არბიტრაჟში დღესაც გრძლედება შეწყდება სააღსრულებო წარმოება, რის გამოც განმცხადებლის მოსაზრებით, მოვალეს დაუბრკოლებლად შეეძლება ქონების გასხვისება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატას 2011 წლის 30 სექტემბრის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განცხადებელმა, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ი. ჩ-ს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს განიხილავენ სააპელაციო სასამართლოები. ამავე კოდექსის 35618 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჩ-ს წარდგენილი აქვს თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟ „მ-ში“ საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე ნ. წ-ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე. საარბიტრაჟო მოთხოვნა ემყარება 2008 წლის 08 დეკემბერს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად – მხარეთა შორის ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს კერძო არბიტრაჟმა, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე მხარე.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს შეთანხმების არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმება ასევე წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შინაარსობრივად ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენას (გარიგებას), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ნების გამოვლენის ნამდვილობის ყველა წინაპირობას. კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განიხილოს იმ არბიტრაჟმა, რომელზეც შეთანხმდებიან მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას. შეთანხმებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული არბიტრაჟი, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები. დაუშვებელია საარბიტრაჟო დათქმიდან ორი ან მეტი არბიტრაჟის განსჯადობა გამომდინარეობდეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ზოგადი დათქმა დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო შეთანხმებად, ვინაიდან მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არსებით პირობაზე _ კონკრეტულ არბიტრაჟზე, რომლის კომპეტენციასაც აღიარებს ორივე მხარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან მუდმივმოქმედ არბიტრაჟ „მ-ში“ დავის განხილვის თაობაზე, რის გამოც იგი არ იყო უფლებამოსილი განეხილა ი. ჩ-ის საარბიტრაჟო სარჩელი ნ. წ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ი. ჩხრტიშვილის დარღვეული უფლების დაცვის მიზნით უფლება ჰქონდა მიემართა განსჯადი სასამართლოსათვის საერთო სასარჩელო წარმოების წესების დაცვით და ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ ნ. წ-ი მონაწილეობდა სხდომაზე და მას არბიტრაჟისა და არბიტრის მიმართ აცილება ან რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონია, რაც ცხადყოფს, რომ იგი სრულად ეთანხმებოდა კონკრეტული არბიტრაჟის განსჯადობას მათ შორის არსებულ დავაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, ი. ჩ-ს წარდგენილი აქვს თბილისის სამედიატორო სასამართლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟ „მ-ში“ საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე ნ. წ-ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე. საარბიტრაჟო მოთხოვნა ემყარება 2008 წლის 08 დეკემბერს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად – მხარეთა შორის ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს კერძო არბიტრაჟმა, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე მხარე.
მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი. ჩ-ის განცხადების წარმოებაში მიღებაზე სააპელაციო სასამართლოს უარი დასაბუთებულია იმით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულ არბიტრაჟზე, რის გამოც მუდმივმოქმედი არბიტრაჟი „მ-ი“ არ იყო უფლებამოსილი განეხილა ი. ჩ-ის საარბიტრაჟო სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ი. ჩ-ს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით შეუძლია მიმართოს განსჯად სასამართლოს საერთო სასარჩელო წარმოების წესების დაცვით და ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მოტივებს.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ „მ-ის“ 2011 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ ნ. წ-ი მონაწილეობდა სხდომაზე და მას არბიტრაჟისა და არბიტრის მიმართ აცილება ან რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონია, რაც ცხადყოფს, რომ იგი სრულად ეთანხმებოდა კონკრეტული არბიტრაჟის განსჯადობას მათ შორის არსებულ დავაზე.
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ 1997 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის (გაუქმდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონით) პირველი მუხლის შესაბამისად, პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს; შეთანხმება არბიტრაჟის განსახილველად დავის გადაცემის შესახებ (საარბიტრაჟო შეთანხმება) იდება წერილობით.
„არბიტრაჟის შესახებ“ 2009 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს შეთანხმების არსებობას.
კანონის დასახელებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟისათვის დავის განსახილველად გადაცემის შეთანხმების შინაარსი უნდა შეიცავდეს მხარეთა ნამდვილი ნების გამოხატვას კონკრეტული სამოქალაქო დავის კონკრეტული არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე. როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა და არა სასამართლომ, იმავდროულად ისინი გამოხატავენ ნებას, რომ თანახმა არიან მათ დავაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საარბიტრაჟო განხილვის წესით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმის განხილვის წესისაგან. ასეთ შემთხვევაში მხარეთა გადაწყვეტილებას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს ნდობა მუდმივმოქმედი თუ კონკრეტული კერძო არბიტრაჟისადმი. შესაბამისად, მხარეთა ნება დავის ამგვარი წესით განხილვის შესახებ ემყარება მათ ნდობას შერჩეული არბიტრაჟისადმი, რომელიც, კანონის თანახმად, შეიძლება იყოს როგორც მუდმივმოქმედი, აგრეთვე დროებითი, კონკრეტული დავისათვის საგანგებოდ შექმნილი.
ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება – ესაა კერძო-სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის შესახებ. იგი შეიძლება გაფორმდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ პირობას. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ, შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს იმ მინიმუმს, რომელიც აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმებად მისი კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საარბიტრაჟო შეთანხმებიდან არაორაზროვნად უნდა ირკვეოდეს მხარეთა სურვილი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა განსახილველად გადაეცეს შესაბამის არბიტრაჟს და არა საერთო სასამართლოს. ამ შეთანხმებით ასევე ზუსტად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა უნდა განიხილოს არბიტრაჟმა და შესაძლებელი უნდა იყოს იმ არბიტრაჟის იდენტიფიცირება, რომელმაც უნდა განიხილოს დავა. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები. დაუშვებელია საარბიტრაჟო დათქმიდან ორი ან მეტი არბიტრაჟის განსჯადობა გამომდინარეობდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში 2008 წლის 8 დეკემბერს ი. ჩ-სა და ნ. წ-ს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ვერ მიიჩნევა კონკრეტულ არბიტრაჟზე შეთანხმებად, შესაბამისად, განმცხადებელს სწორად ეთქვა უარი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.