Facebook Twitter

ბს-389-311-კ-05 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა წინა წლებში ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო თანხის უკან დაბრუნება, შემდეგი საფუძვლით:

1986 წლიდან მოსარჩელე მუშობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის პოლიციის ლეგიონში .... თანამდებობაზე, 1992 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ღებულობდა მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული ფაქტი, რომ მოსარჩელე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რაც გულისხმობს, რომ მოწმობის წარმდგენი სარგებლობს საქართველოს კანონდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ წლების განმავლობაში ექვითებოდა ხელფასიდან საშემოსავლო თანხები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მან რამდენჯერმე მიმართა დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით საგადასახადო კოდექსის 43.2 მუხლის “ბ" პუნქტის შესაბამისად. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 08.12. 03 50/13-2947 მიმართვის პასუხში მითითებულია, რომ ვეტერანის მოწმობა მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი, რაც, მოსარჩელის განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მის მიერ მოწმობა წარდგენილ იქნა ნოემბრის თვეში. დაცვის პოლიციის 18.02.04წ. 50/13-465 მიმართვაში აღნიშნულია, რომ ვეტერანთა მოწმობის წარდგენის დღიდან მოსარჩელეზე გავრცელდა საგადასახადო კოდერქსის 43. II “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ წინა წლებში დაქვითული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია. 2004 წლის 27.04. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ დაწერილი იყო პატაკი, რომელშიც მოითხოვდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის ვეტერანებზე წინა წლების ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო თანხის დაბრუნებას.

მოსარჩელე უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე დ 243-ე მუხლებს და მოითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

რაიონულ სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაეკისრებინათ წინა წლებში ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო თანხები, კერძოდ, 1023.02 თეთრი.

მოპასუხე_საქართველს შსს დაცვის პოლიციის წარმომადგენელმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო ნ. ნ-ის სარჩელი შემდეგი საფუძვლით:

მოპასუხემ მიუთითა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნ. ნ-ზე საგადასახადო კოდექსის 43.2 მუხლის “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდა ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის დედნის წარდგენის და ასლის ჩაბარების დღიდან, შესაბამისად მოსარჩელე 2003 წლის ნოემბრიდან საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28.09. გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სრჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ნ. ნ-ი მუშაობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის პოლიციის ლეგიონში ...., რაც დასტურდება ¹50/21/5-312 22.04.03წ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პბიექტების დაცვის პოლიციის ლეგიონის ცნობით. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2003 წლის ნოემბერში წარდგენილ იქნა ომისა და სამხედრო ძალების ვეტარანის შესახებ მოწმობა, რის შემდეგაც შეწყვეტილი იქნა მოსარჩელის საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის 24-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელის დაბეგვრა, რომელიც ხორციელდება მოწმობის წარდგენამდე, არ შეიძლება ჩაიოთვალოს უკანონოდ, რადგან მოწმობა მის მიერ წარდგენილ იქნა 2003 წლის ნოემბერში, ხოლო თუU მოწმობა არ იყო წარდგენილი თავისთავად ვერ გავრცელდებოდა ის შეთავათები, რაც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს გააჩნიათ, რის გამოც რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998-2003 წლებში დაბეგრილი ხელფასი და საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილ Gთანხად და გადახდილ საშემოსავლო გადასახადზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნები.

რიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ის წარმომადგენელმა თ. ტ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლე ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და კანონით “ვეტერანების შესახებ”, რაც არასწორია, რადგან საქმე განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ასევე, სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად საგადასახადო სამსახური უნდა ჩაება საქმეში მე-3 პირად.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 31.01 განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასმართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ნ. ნ-ი 1980 წლიდან მუშაობს სსიპ-დაცვის პოლიციაში. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში 2003 წლის 16.11 გადაწყვეტილებით მას დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ 1991 წლის 5 იანვრიდან მონაწილეობას იღებდა სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ნ. ნ-მა 2003 წლის ნოემბერში მოპასუხე ორგანიზაციაში წარადგინა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 43.2 მუხლი და “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" კანონის 24-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოწმობის წარდგენამდე დაბეგვრა არ შეიძლება ჩაითვალოს უკანონოდ, რადგან თუ მოწმობა არ იქნა წარდგენილი, შეღვათიც ვერ გავრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ საშემოსავლო გადასახდის გადახდა არ შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილად და გადახდილი საშემოსავლო გადასახადზე არ უნდა გავრცლდეს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლი, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამსახური არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით 16-ე მუხლით გავალისწინებული პირს.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინების გამოტანისას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და საქართველოს ვეტერანთა შესახებ კანონმდებლობით _ მაშინ, როცა მოცემული საქმე უნდა განხილულიყო როგორც ადმინისტრაციული საქმე, ასევე, სასამართლომ არ ჩართო საქმეში მე-3 პირად საგადასახადო სამსახური ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად; კასატორი უთითებს “ომისა და შეიარაღებული ძალების შესახებ" კანონზე და განმარტავს, რომ დაუშვებველია ადრე მოქმედი შეღავათების უპირატესობის და დახმარების გაუქმება, ან გაუარესება, ასევე, უთითებს საგადასახადო კოდექსის 43.2 და 240-ე მუხლებს და მიიჩნევს, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტად გადახდილი თანხა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც არსებითად სწორი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, არ დარღვეულა საპროცესო ნორმები, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ საქმე უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული სამართალწარმოების განხორცილებისას გამოყენებულ იქნა სსკ-ის და “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის ნორმები, რადგან საპელაციო სასამართლოს მიერ დავა განხილულ იქნა სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით, ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრულია რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, ასევე, რაც შეეხება “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის გამოყენებას აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ომის ვეტერანებზე განსაზღვრულ შეღავათებს აწესრიგებს სწორედ მითითებული კანონის ნორმები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობისას სწორად იქნა რეალიზებული მითითებული ნორმის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამსახურის საქმეში მე-3 პირად ჩაბმის შესახებ, რადგან, მითითებული ნორმა ითვალისწინებს პირის სავალდებულო ჩაბმას საქმეში მე-3 პირის სტატუსით, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ხოლო საგადასახადო სამსახური არ წარმოადგენს მითითებული ნორმით განსაზღვრულ აუცილებელ სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 1995წ. 17.10 “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების" შესახებ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი შეღავათი ნ. ნ-ზე არ უნდა გავრცელებულიყო 2003 წლის ნოემბრამდე.

მითითებული ნორმით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ვეტერანთა უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, რაც განხორციელდა ნ. ნ-თან მიმართებაში _ კერძოდ, 2003 წლის ნოემბრიდან _ ვეტერანთა მოწმობის წარდგენის შემდეგ. ამდენად, ნ. ნ-ის მოთხოვნა 1998-2003 წლის ნოემბრამდე პერიოდში ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების შესახებ მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგან მოწმობის წარდგენამდე ომის ვეტერანებზე დადგენილი შეღავათების გავრცელებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს ვ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.