№ას-159-153-2012 23 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ი. ვ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ი. ვ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი. ვ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს ,,ი. ვ-ის“ დირექტორმა დ. კ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 თბერვლის განჩინებით შპს ,,ი. ვ-ს“ მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან კერძო საჩივარს არ ერთვოდა მისი შემომტანის - დ. კ-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ი. ვ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ი. ვ-ს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, კერძო საჩივარს არ ერთვოდა მისი შემომტანის - დ. კ-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული განჩინება შპს ,,ი. ვ-ის“ წარმომადგენელ დ. ფ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 10 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა 2012 წლის 13 თებერვალს. შპს ,,ი. ვ-ის“ დირექტორ ზ. მ-ის განცხადება კი ფოსტას ჩაბარდა 2012 წლის 14 თებერვალს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, განცხადება შემოტანილია ხარვეზის შევსებისათვის განკუთვნილი სამდღიანი ვადის დარღვევით, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ი. ვ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ი. ვ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
შპს ,,ი. ვ-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს დ. ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –50 ლარი ( 2012 წლის 23 იანვარი,შემოსავლის ორდერი #...) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.