Facebook Twitter

ას-1699-1683-2011 9 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილის

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები _ ს. მ-ი, ე. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო დავალიანების ანაზღაურება 95095.25 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა _ 80 814.54 აშშ დოლარი, პროცენტი (სარგებელი) _ 12 326.01 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 1954.70 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი ნივთები: ს. მ-ისა და ე. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ც-ის ქ.¹22-ში, ასვეე ჰ. ც-ისა და შ. ყ-ის 204.74 კვ.მ ფართის უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისში, ბ-ის ქ.¹155-ში. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მოთხოვნას _ 95095.25 აშშ დოლარს, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცევა ს. მ-ის კუთვნილ სხვა ქონებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-მა და ე. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ს. მ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა, კერძოდ, მითითება შემდეგ გარემოებებზე: ა) გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ბ) რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მიუთითოს გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ს. მ-ს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

ს. მ-მა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, თუმცა ვინაიდან აღნიშნული სააპელაციო საჩივრით არ იყო აღმოფხვრილი ხარვეზი და იგი არ პასუხობდა ხარვეზის შესახებ განჩინებით დავალებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, დატოვა განუხილველად.

რაც შეეხება აპელანტ ე. დ-ს, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ 150 ლარის) დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა, კერძოდ, მითითება შემდეგ გარემოებებზე: ა) გადაწყვეტიელბის რა ნაწილია გასაჩივრებული; ბ) რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მიუთითოს გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

დასახელებული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. მ-მა და ე. დ-მა. ს. მ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა სააპელაციო საჩივარი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო განუხილველად დატოვა.

ე. დ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 26 ნოემბერს, შესაბამისად არ იცოდა ხარვეზის თაობაზე, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას აღმოეფხვრა იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ ს. მ-ისა და ე. დ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტ ს. მ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა, კერძოდ, მითითება შემდეგ გარემოებებზე: ა) გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ბ) რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მიუთითოს გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები (იხ. ტII, ს.ფ. 2-3).

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ს. მ-ს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა (იხ. ტII, ს.ფ. 2-3).

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ს. მ-ს ხარვეზის შევსების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებით, სასამართლოს მიერ დავალებული ხარვეზი არ აღმოუფხვრია. კერძოდ, არ მიუთითებია თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა, ასევე არ მიუთითებია გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. (იხ. ტ II ს.ფ.17-25) ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი.

ე. დ-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ე. დ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ 150 ლარისა) დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა, კერძოდ, მითითება შემდეგ გარემოებებზე: ა) გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ბ) რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; გ) მიუთითოს გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ე. დ-ს, კერძოდ, მის რძალს _ ლ. ჯ-ას ჩაბჰარდა 2011 წლის 31 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ლ. ჟ-ას ხელმოწერით (იხ. ტ II, ს.ფ. 14). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის პირველ ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ე. დ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს ე. დ-ის მოსაზრებას მასზე, რომ მან ხარვეზის შესახებ განჩინების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2011 წლის 26 ნოემბერს, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი იმის დამადასტურებლად, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 26 ნოემბერს და არა 2011 წლის 31 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, ს. მ-მა და ე. დ-მა დაკარგეს მათთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ე. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებები.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.