Facebook Twitter
№ას-1736-1717-2011 13 თებერვალი, 2012 წელი

№ას-1736-1717-2011 13 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ხ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე, ვ. ქ-ე, კ. მ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. ხ-ემ მოპასუხეების _ ვ. ქ-ის და ნოტარიუს ე. გ-ის წინააღმდეგ (ს.ფ. 1-10). მოსარჩელემ მოითხოვა 2010 წლის 15 ივნისს მას და ვ. ქ-ეს შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების სოლიდარული მოვალეებიის მის ნაწილში ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (ს.ფ. 77-79).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბერის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-ემ (ს.ფ. 84-95).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებით, ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 157-168).

2011 წლის 2 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბ. ხ-ემ მოპასუხეების _ ვ. ქ-ის გ. და კ. მ-ეების წინააღმდეგ (ტომი 2 ს.ფ. 3-12). მოსარჩელემ მოითხოვა 2010 წლის 15 ივნისს მას და ვ. ქ-ეს შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების სოლიდარული მოვალეების მის ნაწილში ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი მოპასუხეების: გ. მ-ის, ვ. ქ-ისა და კ. მ-ის მიმართ 2010 წლის 15 ივლისს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ხ-ის მიერ აღიარებული ვალის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

დასახელებული გადაწყვეტილება ბ. ხ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და იგი მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ბ. ხ-ემ, მოპასუხეების _ ვ. ქ-ის გ. და კ. მ-ეების წინააღმდეგ (ტომი 2 ს.ფ. 3-12). მოსარჩელემ მოითხოვა 2010 წლის 15 ივნისს მასა და ვ. ქ-ეს შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების სოლიდარული მოვალეების მის ნაწილში ბათილად ცნობა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა არსებითად მხოლოდ ბ. ხ-ის მოთხოვნის მიმართ და მას არ უმსჯელია გ. და კ. მ-ეების ვალდებულებებზე თუ უფლებებზე. ანუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მთლიანად მიმართული იყო ბ. ხ-ის მიმართ.

პალატამ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით ბ. ხ-ეს და იგი გაასაჩივრა გ. მ-ემ.

პალატამ საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის საფუძველზე მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ანუ გ. მ-ის მიერ, რომელიც თუკი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი უფლებები დაირღვა, მას ცალკე შეუძლია ამაზე აღძრას სარჩელი, მაგრამ მას არ შეუძლია უკვე მიღებული გადაწყვეტილება სხვის მაგივრად, ანუ ამ შემთხვვეაში ბ. ხ-ის მაგივრად გასაჩივრება. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ბ. ხ-ემ მიმართა მისი დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოს და მასვე ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება და არა სხვა პირს.

ამასთან, პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დგინდებოდა თუ რა იურიდიული ინეტერესი გააჩნდა აპელანტ გ. მ-ეს გადაწყვეტილების გასაჩივრებით (მაშინ როცა ბ. ხ-ეს უნდა გააჩნდეს ეს ინტერესი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოეთხოვა), რაც მიუთითებს კიდევ ერთი გარემოებაზე, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასმართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ხ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გასაჩივრებული, ვინაიდან იგი პროცესის მხარე იყო და ჰქონდა საჩივრის შეტანის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ბ. ხ-ის სარჩელი მოპასუხეების: გ. მ-ის, ვ. ქ-ისა და კ. მ-ის მიმართ 2010 წლის 15 ივლისს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ბ. ხ-ის მიერ აღიარებული ვალის ნაწილში.

საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა არსებითად მხოლოდ ბ. ხ-ის მოთხოვნის მიმართ და მას არ უმსჯელია გ. და კ. მ-ეების ვალდებულებებზე თუ უფლებებზე. ანუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მთლიანად მიმართული იყო ბ. ხ-ის მიმართ.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ბ. ხ-ეს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ, რომელიც საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა და, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ აპელანტი გ. მ-ე გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებდა იმ საფუძვლით, რომ დაირღვა თავისი საკუთარი უფლებები, არამედ ფაქტობრივად ასაჩივრებდა ბ. ხ-ის მაგივრად და მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებას.

საპროცესო კანონმდებლობით, ნებისმიერი უფლების რეალაზაცია დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე. აღნიშნული დებულება გამომდინარეობს სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან-დისპოზიციურობის პრინციპი (სსკ-ის მე-3 მუხლი), რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინცპიდან გამომდინარეობს მხარეთა საპროცესო უფლება გაასაჩივრონ სასამართლო გადაწყვეტილებები ან შეურიგდნენ ამ გადაწყვეტილებას, ცნონ იგი. განსახილველ შემთხვევაში, ბ. ხ-ემ განკარგა თავისი საპროცესო უფლება, არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად ცნო იგი და მისი შედეგები, რაც ცხადყოფს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ გ. მ-ე არ იყო უფლებამოსილი პირი ბ. ხ-ის უფლებების დასაცავად გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.