Facebook Twitter

ას-1749-1730-2011 6 თებერვალი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. გ-ა, გ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. გ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ა. გ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: ის არის აწ გარდაცვლილი ზ. გ-ის შვილი, მოპასუხე ა. გ-ა არის მისი დედინაცვალი. 2009 წლის 5 მარტს ნოტარიუს გ. ჩაბოლოშვილის მიერ შედგენილი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ა. გ-ა გახდა მისი მამის სახლის მეპატრონე. ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში ზ. გ-ს დაკარგული ჰქონდა ცნობიერება, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.

მოპასუხე ა. გ-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს სადავო ქონებაზე რაიმე უფლება არ გააჩნია. ქონების მესაკუთრე იყო ზ. გ-ი, რომელიც დაავადებული იყო შაქრიანი დიაბეტით, მაგრამ მას ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ჰქონდა საღი აზროვნება და ცნობიერება, რათა გამოეხატა თავისი ნება და ეჩუქებინა მასზე რიცხული უძრავი ქონება მისი მეუღლისათვის. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონის სრული დაცვით და არ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

მოპასუხე, ნოტარიუსმა გ. ჩ-მა სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, ზ. გ-ს ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე გაესაუბრა, დარწმუნდა, რომ მჩუქებელს ჰქონდა საღი აზროვნება და ცნობიერება, ზ. გ-ი ნათლად გამოხატავდა თავის ნებას ეჩუქებინა მისი მეუღლისათვის მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რაც შეეხება ხელის მოწერას ზ. გ-მა ხელის მოწერა მიანდო ერთ-ერთ მოწმეს იმის გამო, რომ ხელი უკანკალებდა და ვერ იმორჩილებდა. 2009 წლის 5 მარტს, მან კანონის სრული დაცვით შეადგინა და დაამოწმა ჩუქების ხელშეკრულება ¹1-850.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: აპელანტ ე. გ-ის წარმომადგენელ ა. გ-ეს 2011 წლის 16 ოქტომბრის სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყება 2011 წლის 27 ოქტომბერს ჩაჰბარდა. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივარი შეიტანა ე. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ე. გ-ის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეს საცხოვრებელ ადგილზე შეტყობინება საერთოდ არ მიუღია, თუმცა სააპელაციო საჩივარში მითითებულია ძირითადი მისამართი მარნეული, ქობულეთის ¹52 და ტელეფონის ნომერი. მას არ ჩაბარებია სასამართლო უწყება კანონის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ უწყება სამუშაო ოფისში თანაშემწემ ჩაიბარა, კონკრეტულად, მას უწყება, ან შეტყობინება პირადად არ მიუღია. ის გარემოება, რომ სხვამ, არაოჯახის წევრმა თუ ჩაიბარა, იქნება ეს კოლეგა თუ სხვა ვინმე, ეს პირობა მაინც ვერ ჩაითვლება ოფიციალურად ჩაბარებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. გ-ის წარმომადგენელი ა. გ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ოქტომბრის სხდომის დროისა და ადგილის, აგრეთვე, დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. აღნიშნულს ცხადყოფს საქმეში არსებული შეტყობინების ბარათი გზავნილის (სასამართლო უწყება) ჩაბარების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ა. გ-ის თანაშემწე ნ. გ-ის მიერ (ტომი II, ს.ფ.33).

წარმოდგენილი კერძო საჩივრით ე. გ-ის წარმომადგენელი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სასამართლო გზავნილი პირადად მას არ ჩაჰბარებია. აქედან გამომდინარე, უწყება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებულად ვერ მიიჩნევა.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უწყება, რომელიც აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ნოემბერს სხდომის შესახებ ატყობინებდა, ა. გ-ის თანაშემწე ნ. გ-ს ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნის დაცვით. მითითებული საპროცესო ნორმით დადგენილია, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, ის გარემოება, რომ სასამართლო უწყება ა. გ-ეს პირადად არ ჩაჰბარებია, ხოლო მის მიმღებ პირს (ნ. გ-ს) უფლებამოსილი პირისათვის არ გადაუცია, გავლენას ვერ მოახდენს უწყების ჩაბარებულად მიჩნევაზე.

სააპელაციო სასამართლო არ იყო ვალდებული, სასამართლო უწყება ასევე გაეგზავნა მხარისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ უწყების გაგზავნის საპროცესო ვალდებულება სასამართლოს აკისრია მხარის ან წარმომადგენლის და არა ორივე მათგანის მიმართ. ამავე ნორმის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს ე. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუკმაყოფილებლობას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება უცვლელად დარჩეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.