№ას-1762-1742-2011 15 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ საპროცესო ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 10 თებერვალს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება.
2011 წლის 21 სექტემბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოცემული საქმის განხილვისაგან მოსამართლე გ.გოდერძიშვილის აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი წარდგენილი იყო საპროცესო ვადის დარღვევით.
2011 წლის 26 ოქტომბერს მ. დ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლის აცილების თაობაზე წადგენილი განცხადების განხილვის საპროცესო ვადის აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მ. დ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. დ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საპროცესო ვადების არსებობას შეიძლება ჰქონდეს აზრი და მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადების გასვლას მოჰყვება გარკვეული შედეგი, რასაც ითვალისწინებს დასხელებული მუხლი, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ისინი დადგენილ ვადაში არ შეასრულებენ საპროცესო მოქმედებას, მაშინ კარგავენ ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება, რომლითაც მ. დ-ეს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ 2011 წლის 21 სექტემბერს მ. დ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება მოსამართლე გ. გ-ის აცილების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოდგენილი იყო საპროცესო ვადის დარღვევით.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ მ. დ-ის მიერ 2011 წლის 26 ოქტომბრის განცხადება, მოსამართლის აცილების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვის საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, კერძოდ, 2011 წლის 19 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. დ-ის კერძო საჩივარი, ხოლო განცხადება შეტანილ იქნა 2011 წლის 26 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მ. დ-ის განცხადება სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს კერძოO საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი