ას-1770-1750-2011 6 თებერვალი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. შ-ი,
მოწინააღმდეგე მხარე _ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 1 თებერვალს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოსა» და გ. შ-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 5000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 18 თვის ვადით ყოველთვიურად 1,24% სარგებლის დარიცხვით. ამავდროულად მესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირგასამტეხლო 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გ. შ-მა 2009 წლის თებერვლიდან შეწყვიტა თანხის გადახდა.
გ. შაღაშვლმა სარჩელი არ ცნო Dშემდეგი საფუძვლებით: შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოსგან» პირადად სესხი არ მიუღია და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის თანხის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოს» სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. შ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3,977,40 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გ. შ-სა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოს» შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: ,,გ. შ-ი თანახმაა, გადაიხადოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოს“ სასარგებლოდ 3250 (სამი ათას ორასორმოცდაათი) აშშ დოლარი, ასევე საქალაქო სასამართლოში შპს „მიკროსაფინანსოლ ორგანიზაცია კ-ოს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟს ნაწილი 174.84 (ას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარი შემდეგი წესით: გ. შ-ი თანახმაა გადაიხადოს 3250 აშშ დოლარი და 174,84 ლარი 12 (თორმეტი) თვის ვადაში. პირველი გადახდა განხორციელდება 2011 წლის 28 ნოემბერს 270.83 აშშ დოლარისა და 174.84 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა გადახდება თვეში 270.83 აშშ დოლარის ოდენობით, 2012 წლის 28 ოქტშომბრის ჩათვლით; შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოს“ დაუბრუნდება გ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 32,80 ლარი”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. შ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არსებობდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან მასა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოს» შორის ხელშეკრულება არ დადებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
ამასთან, საქმის მორიგებით დასრულებისას გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამდენად, მორიგების პირობებზე შეთანხმებას მხარეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, ვინაიდან სასამართლოს მიერ მათი დამტკიცების შემდეგ განსახილველი დავა მთავრდება და მხარეთა შეთანხმებას სასამართლო გადაწყვეტილების ძალა ენიჭება.
მოცემულ შემთხვევაში მოდავე მხარეებმა გ. შ-მა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ომ» გამოავლინეს ნება მორიგების შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიიღო განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. შ-ის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლის არსებობა არც საქმის მასალებით და არც წარმოდგენილი კერძო საჩივრით არ დასტურდება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ოს» შორის ხელშეკრულება არ დადებულა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მორიგების აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან მორიგების განჩინება თავისი ბუნებით მოდავე მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების დადასტურებაა და მისი გაუქმება დასაშვებია, მხოლოდ მაშინ, თუკი იგი ეწინააღმდეგება კანონს და ლახავს მესამე პირთა ინტერესებს ან სრულყოფილად არ ასახავს მხარეთა მიერ მორიგების აქტით გამოხატულ ნებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეთათვის კანონით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზება განხორციელდა მათ მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის გზით, რის გამოც გ. შ-ის მსჯელობა მორიგების აქტის გაუქმების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.