Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-1786-1763-2011 20 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 2 თებერვალს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. ჭ-ემ მოპასუხე ა. ჭ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 10235 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება (ს.ფ. 2-10).

მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა ა. ჭ-ემ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ 2010 წლის 5 მარტსა და 2010 წლის 5 დეკემბერს დაწერილი ხელწერილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 39-48).

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ჭ-ეს მოსარჩელე ზ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. 147-152).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჭ-ემ (ს.ფ. 157-168).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ა. ჭ-ეს; გზავნილი ჩაბარდა აპელანტის ბიძაშვილს ნ.ვ-ეს (ოჯახის წევრს) 2011 წლის 17 ოქტომბერს; ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა 2011 წლის 1 ნოემბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 70-ე, 74-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, რადგან იგი სასამართლოში წარდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ, გასაჩივრებისათვის კანონმდებლის მიერ დაწესებული 14-დღიანი ვადის ერთი დღის დაგვიანებით (ს.ფ. 171-173).

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე ა. ჭ-ემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2011 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს გადასცა მეზობელმა, მარინა თუთბერიძემ, ხოლო ამ უკანასკნელს - ადრესატისათვის ჩასაბარებლად სოფელ ფ-ის რწმუნებულმა. მითითებული გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა კანონით გათვალისწინებული 14 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია, რამდენადაც ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარების თარიღად ჩათვალა 17 და არა 18 ოქტომბერი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება არასწორია, ვინაიდან ნ. ვ-ე, რომელსაც ვითომ 17 ოქტომბერს ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი, არ არის მისი ოჯახის წევრი. კერძო საჩივრის ავტორმა ზემომითითებული გარემოებების დასადასტურებლად საჩივარს თან დაურთო ნ. ვ-ის, მარინა თუთბერიძისა და სოფელ ფ-ის რწმუნებულ მაია ჩხეიძის განმარტებები, რომლებითაც დგინდება, რომ აპელანტს გზავნილი ჩაბარდა 2011 წლის 18 ოქტომბერს. შესაბამისად, მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა (ს.ფ. 181).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჭ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება და ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2011 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს (ბიძაშვილს) ნ.ვ-ეს და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა მომხდარიყო.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მას ჩაბარდა 2011 წლის 18 ოქტომბერს მისი მეზობლის მარინა თუთბერიძის მეშვეობით. ამ უკანასკნელს კი სასამართლოს გზავნილი აპელანტისათვის გადასაცემად გადასცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ფ-ის რწმუნებულმა მაია ჩხეიძემ. რაც შეეხება გზავნილზე ხელმომწერ პირს ნ. ვ-ეს, იგი არ წარმოადგენს აპელანტის ოჯახის წევრს (ს.ფ. 181).

ზემოხსენებულ გარემოებათა დასადასტურებლად კერძო საჩივარს ერთვის ნ. ვ-ისა და მარინა თუთბერიძის სანოტარო წესით დამოწმებული განმარტებები, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ფ-ის რწმუნებულ მაია ჩხეიძის განმარტება (ს.ფ. 182-184). დასახელებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ნ. ვ-ის განმარტებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს სოფელ ფ-ის ს/ამბულატორიაში ექთნად. 2011 წლის 17 ოქტომბერს მასთან სამსახურში მივიდა სასამართლოს თანამშრომელი და სოფლის რწმუნებულისათვის გადასაცემად დაუტოვა გაუხსნელი კონვერტი. აღნიშნული გზავნილი მან მეორე დღეს გადასცა სოფლის რწმუნებულს. იგი აპელანტის არც ნათესავია და არც ოჯახის წევრი. მარინა თუთბერიძის განმარტებით ირკვევა, რომ იგი არის აპელანტის მეზობელი. 2012 წლის 18 ოქტომბერს იგი პენსიის ასაღებად იმყოფებოდა სოფლის საკრებულოში, სადაც მას სოფლის რწმუნებულმა აპელანტისათვის გადასაცემად გადასცა კონვერტი, რომელიც იმავე დღეს ჩააბარა აპელანტს. სოფლის რწმუნებულის განმარტებით კი ირკვევა, რომ მან 2012 წლის 18 ოქტომბერს მარინა თუთბერიძეს აპელანტისათვის გადასაცემად გადასცა სასამართლოს გზავნილი, რომელიც სოფლის ამბულატორიის ექთნის, ნ. ვ-ისათვის დაუტოვებია ფოსტის თანამშრომელს. ნ. ვ-ე და აპელანტი ა. ჭ-ე ცხოვრობენ სოფლის სხვადასხვა უბნებში და მათ ნათესაური კავშირი არა აქვთ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ნ. ვ-ე, რომელმაც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ა. ჭ-ისათვის განკუთვნილი ასლი ჩაიბარა, არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის ოჯახის წევრს. საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ თავად გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში არაა აღნიშნული, რომ გზავნილის მიმღები პირი ნ.ვ-ე ადრესატის ოჯახის წევრია (ს.ფ. 154).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მთითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მითითებული ნორმის მიხედვით, უწყების (გზავნილის) მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს არამარტო თავისი სახელი და გვარი, არამედ ადრესატთან მისი დამოკიდებულებაც. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში არაა აღნიშნული, რომ გზავნილის მიმღები პირი აპელანტის ოჯახის წევრია. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი უდავოდ დასტურდება, რომ სასამართლოს გზავნილის მიმღები პირი არ არის აპელანტის ოჯახის წევრი. აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეს _ ზ. ჭ-ეს სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ მას გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა ა. ჭ-ის კერძო საჩივრის ასლი. აქედან გამომდინარე, საქმეზე არ დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2011 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს. თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით (რაც გამყარებულია კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მას გადაეცა 2011 წლის 18 ოქტომბერს. ამ მომენტიდან კი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გასული არაა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 1 ნოემბერს (ს.ფ. 157), ანუ გასაჩივრების ვადის ბოლო დღეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჭ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.