Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-389-373(კ-06) 12 ივლისი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ო. ჩ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის დარღვევით მიღებული მატერიალური ზიანის სახით 18050 ლარის დაკისრება (ს.ფ 1-2, 29).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ჩ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ო. ჩ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 16243,29 ლარის გადახდა (ს.ფ. 33-35).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. ჩ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 182-184).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ჩ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 188).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით ო. ჩ-ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან ათდღიან ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, სათანადო ასლების დართვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ო. ჩ-ს ჩაბარდა 2006 წლის 15 ივნისს, შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი უნდა შეევსო არაუგვიანეს 2006 წლის 26 ივნისისა, მიუხედავად ამისა, კასატორს _ ო. ჩ-ს დღემდე არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და არც შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ჩ-ს საკასაციო საჩივარი, მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. უზენაესის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.