ას-1787-1764-2011 3 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ა-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ე. პ. ჯ-ა» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ე.პ.ჯ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ა-ის» მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების _ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების _ 847.94 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «ე. პ. ჯ-ას» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ა-ს» სს «ე. პ. ჯ-ას» სასარგებლოდ დაეკისრა 847.94 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება, რადგანაც სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, პუბლიკაციის საჯაროდ გავრცელების გამო, მოპასუხე ჩათვალა სათანადოდ ინფორმირებულად სს «ე. პ. ჯ-ას» სარჩელის თაობაზე და, ამავე კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კი, ძალაში იქნა დატოვებული 2011 წლის 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ა-ის» სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე და 2011 წლის 3 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
პალატამ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ გარემოებებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და შპს «ა-ის» კერძო საჩივარი მიიჩნია სააპელაციო საჩივრად, ამასთან, ამავე კოდექსის 365-ე მუხლისა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან აპელანტის მოთხოვნის მიხედვით დავის საგანია მისთვის 847,94 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის დაკისრება, რაც არ აღემატებოდა 1000 ლარს, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ა-მა», მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მისი უფლებები, საქმეში არ არის წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე მოპასუხე არ იყო სათანადო წესით ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ შპს «ა-ის» კერძო საჩივარი წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს და რადგანაც მისი საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული, შპს «ა-ს» სამართლებრივ შესაძლებლობას უსპობს, დაიცვას მისი ინტერესები. როგორც პირველ, ისე სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა ფაქტობრივი საფუძველი შპს «ა-ისათვის» თანხის დაკისრებისა, აღნიშნულით კერძო საჩივრის ავტორს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 365-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველი დავა ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგანაც მისი საგანი, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაკისრებაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხით. მითითებული ნორმის დანაწესი ზოგადია და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვასთან მიმართებით (სსსკ 372-ე, 399-ე მუხლები). საქმეში წარმოდგენილი სარჩელით სს «ე. პ. ჯ-ა» მოითხოვდა შპს «ა-ისათვის» მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის _ 847.94 ლარის დაკისრებას, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებითაა დაკმაყოფილებული. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, დაეშვა შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი, რომლის საგნის ღირებულებაც არ აღემატებოდა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული შპს «ა-ის» მოსაზრება სააპელაციო პალატის განჩინების საპროცესო ნორმათა დარღვევით მიღებისა და შპს «ა-ისათვის» უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობის მოსპობის თაობაზე, რაც შეეხება მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვერც აღნიშნული იქნება შეფასებული დადებითად, რადგანაც პირველ რიგში, ხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატა მისი ზემოაღნიშნული უფლების დარღვევის ფაქტი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოცემული კერძო საჩივრის იმ საფუძვლებზეც, რომლითაც მხარე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს და განმარტავს, რომ არ არის უფლებამოსილი შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების მართებულობა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის ეტაპზე, ამასთან, ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების მიმართ მოქმედი კანონმდებლობა კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერ იქნება განხილული შპს «ა-ის» კერძო საჩივრის ზემოაღნიშნული დებულებანი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა მისი საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს «ა-ის» დირექტორმა დ. ფ-ამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადა 50 ლარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი, დადგენილია ამ თანხის განახევრების აუცილებლობა, შესაბამისად, მხარემ ზედმეტად გადაიხადა 25 ლარი (50/2=25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ა-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. შპს «ა-ს» (ს/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს «ბანკი რესპუბლიკა» ბანკის BIc კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹ GE79 Bღ00 0000 0033 0500 01. დ. ფ-ას მიერ 2012 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი ნაწილი _ 25 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.