¹ას-1799-1776-2011 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,... ბანკი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...’’ ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ბ-ის, მ. მ-ის, შპს ,,ჯ. ლ-ისა’’ და შპს ,,ჯ. კ-ის’’ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ 2006 წლის 31 მაისს გაფორმებული ¹26005-38425, 2006 წლის 22 მაისს გაფორმებული ¹26005 და 2006 წლის 23 მაისს გაფორმებული ¹26005-38425 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,...’’ ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კ. ბ-მა შეიტანა საჩივარი, რომელიც ამავე სასამართლოს 2011 წლის 2 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ კ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგინდა, რომ კ. ბ-ს 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, მისი საგნის ღირებულების განსაზღვრისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად 2011 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა. გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათზე მითითებული იყო კ. ბ-ის პირადი ნომერი.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მეორე ნაწილით და ჩათვალა, რომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან _ 2011 წლის 21 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 31 ოქტომბერს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტ კ. ბ-ს არც ხარვეზის ვადის ამოწურვამდე და არც აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოსთვის განცხადებით ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს არ ჩაბარებია, რის გამოც მხარე ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას მოკლებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული ღირებულებისა და სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის სასამართლოსთვის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 10 დღის ვადა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის 5 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კ. ბ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2011 წლის 20 ოქტომბერს ჩაბარდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათზე მითითებული იყო კ. ბ-ის პირადი ნომერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 21 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 31 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.