№ას-1800-1777-2011 16 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ც-ის წარმომადგენელი ნ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უნებართვო მშენებლობის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ც-ემ 2002 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. თ-ის მიმართ და მოითხოვა უნებართვო მშენელობის აღკვეთა.
ლ. თ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ლ. ც-ის მიერ მისი საცხოვრებელი ფართის გვერდით უკანონოდ აშენებული კედლის დარღვევა.
ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. ც-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, წ-ის ქ.58/10-სი მდებარე სახლის პირველი სართულის ღია აივანზე ლ. ც-ის ამოშენებული 10,6 კვ. მ ოთახის მოშლა, ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა თავისი სახრებით და ღია აივნით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. თ-ს აეკრძალა ქ.თბილისში, წ-ის ქ. №58/10-ში არსებულ სახლში მდებარე მის სარდაფში უკანონო სველი წერტილების, სანიტარული კვანძის და სამზარეულოს მოწყობა; არ დაკმაყოფილდა ლ. თ-ის შეგებებული სარჩელი. ლ. თ-ის მოთხოვნას ქ.თბილისში, წ-ის ქ. №58/10-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე ლ. ც-ის მიერ აშენებული კედლის დარღვევის შესახებ ეთქვა უარი; მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ.ბ-ის მოთხოვნას ქ.თბილისში, წ-ის ქ. №58/10-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე ღია აივნის 10.6 კვ.მ ფართის ამოშენებული ოთახის დანგრევის, ამ ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, მასა და ლ. ც-ის საერთო სარგებლობაში არსებული აივნის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ-მა და ნ. ბ-ემ.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ლ. თ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.ც-ის სარჩელს ეთქვა უარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.თ-ის შეგებებული სარჩელი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ბ-ის სარჩელი. ც-ეს დაევალა ქ.თბილისში, წ-ის ქ. №58/10-ში პირველი სართულის ღია აივანზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ ისე, რომ მას დარჩეს 6 კვ.მ ფართის ოთახი;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ც-ის წარმომადგენელმა ნ. ო-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით თ. ც-ის წარმომადგენელ ლ.ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
2011 წლის 27 ივნისს თ. ც-ის წარმომადგენელმა ნ. ო-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ დასახელებული გადაწყვეტილება ემყარება სამკვიდრო მოწმობას, რომელიც ლ. თ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ც-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თამარ ჯიქურაულის მიერ 2004 წლის 26 აგვისტოს მამკვიდრებელ ვალენტინა შმაკოვის მემკვიდრის _ ლ. თ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რ/რ №2-231) იმ ნაწილში, რომლითაც 2002 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი ვალენტინა შმაკოვის სამკვიდრო მასის შემადგენელ ნაწილად მიჩნეულ იქნა თ. ც-ის 6 კვ.მ. არასაცხოვრებელი დამხმარე ფართი, რაც ცხადყოფს, რომ სახეზეა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2006 წლის 29 მაისს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, რადგან ლ. თ-მა სველი წერტილების სამუშაოები და მათი მოწყობა არ აწარმოა მის კუთვნილ ნახევარსარდაფში, რაც თ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. განმცხადებლის განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა 2004 წლის 26 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობაში შეტანილი ცვლილება, რომლის შესახებაც მხარისათვის ცნობილი გახდა 2011 წლის 17 მაისს, ხოლო ფართის საკუთრებიდან ამორიცხვის თაობაზე _ ცნობილი გახდა 2011 წლის 13 ივნისს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ. ც-ის წარმომადგენელ ნ. ო-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საპოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2004 წლის 26 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ მიიჩნეოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ არსებობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ის წარმომადგენელმა ნ. ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათი მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე კანონშესაბამისი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ თ. ც-ის წარმომადგენელ ნ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოების ან მტკიცებულების შესახებ, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი გარემოება ან მტკიცებულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, თუ მტკიცებულება არსებობდა გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარემ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ 2004 წლის 26 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილება ( ამ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თამარ ჯიქურაულის მიერ 2004 წლის 26 აგვისტოს მამკვიდრებელ ვალენტინა შმაკოვის მემკვიდრის _ ლ. თ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რ/რ №2-231) იმ ნაწილში, რომლითაც 2002 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი ვალენტინა შმაკოვის სამკვიდრო მასის შემადგენელ ნაწილად მიჩნეულ იქნა თ. ც-ის 6 კვ.მ. არასაცხოვრებელი დამხმარე ფართი), ვერ მიიჩნეოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად და ვერ გახდებოდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ გარემოებებს, რომელიც განმცხადებლისათვის ცნობილი არ იყო და მას, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ არსებობდა, რაც ცხადყოფს, რომ იგი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითითებული გარემოება, ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და, შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ც-ის წარმომადგენელ ნ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.