ას-1807-1781-2011 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე., ვ. და ა. მ-ები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის Qსააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., ვ. და ე. მ-ების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით სარჩელი ა. მ-ის მიმართ დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ მისი გამოთხოვის გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა ¹12/14-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მე-3 სართულზე არსებული ვ. და ე. მ-ების მიერ დაკავებული 145 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გამოთხოვილ იქნა ვ. მ-ის და ე. მ-ის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ე. ბ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. და ვ. მ-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ე. და ვ. მ-ების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა ა. მ-ის სარჩელის გამო ე. ბ-ის მიმართ ქორწინებაში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე ¹2/1747-10 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის სარჩელი ე. ბ-ის მიმართ შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ. აღნიშნული სარჩელით სადავო ქონება სწორედ იმ ფართს წარმოადგენს, რომლის მფლობელობიდან მოპასუხეთა გათავისუფლებასაც მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით მოითხოვს. პალატამ მიიჩნია, რომ ვინდიკაციური სარჩელის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი აუცილებელი პირობის _ მოპასუხეთა მიერ ფლობის მართლზომიერების დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქალაქო სასამართლოში წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, კერძოდ, სადავო ფართზე ა. ბ-ის უფლების არსებობა-არარსებობის დადგენას, რადგან მოცემული დავის მოპასუხეები სწორედ იმ გარემოებაზე ამყარებდნენ თავიანთ შესაგებელს, რომ სადავო ფართს ისინი ფლობდნენ თავიანთი შვილის, ა. მ-ის თანხმობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმების და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
1999 წლის 20 ოქტომბერს დაიდო გარიგება ე. ბ-სა და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,მ-ა 98-ს” შორის. აღნიშნული გარიგების თანახმად ე. ბ-ს უნდა გადასცემოდა საცხოვრებელი სახლი ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა ¹12/14-ში 145 კვ.მ ფართის ოდენობით, 1კვ.მ 250 აშშ დოლარის, სულ 36 250 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხეების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბინების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შეფერხდა ამხანაგობის ბრალეული ქმედებისა და არა მოსარჩელის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ბინა საჯარო რეესტრში ე. ბ-ზე არ იყო რეგისტრირებული, ის მაინც ითვლებოდა მის საკუთრებად, რადგან ბინის ღირებულება მან სრულად დაფარა. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელი იყო ე. ბ-ი.
ე. ბ-ი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ა. მ-თან. ისინი განქორწინდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რის შემდეგ სადავო ბინაში შესახლდნენ ა. მ-ის მშობლები.
სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ ე. და ვ. მ-ები აღარ წარმოადგენდნენ მოსარჩელის ოჯახის წევრებს და ოჯახში არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნიდნენ. აღნიშნული საპატრულო პოლიციის აქტებითაც დასტურდება. მათ გამო ე. ბ-ს და მის ორ არასრულწლოვან ვაჟს 8 კვ.მ ოთახში უწევდათ ცხოვრება მაშინ, როდესაც ბინა სულ 145 კვ.მ-ია.
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა ა. მ-ის სავარაუდო წილზე სადავო ბინაში, რადგან ეს საკითხი საქალაქო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.
სასამართლომ ტენდენციურად განიხილა მოცემული დავა და არასწორად შეაჩერა საქმის წარმოება, რაც მიზნად ისახავს მოპასუხეთა სადავო ბინაში ცხოვრების გახანგრძლივებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას, თუ გამოარკვევს, რომ მისი განხილვა სხვა საქმის წარმოების დასრულებამდე ობიექტურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში ე. ბ-ის სარჩელი ეხება ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა ¹12/14-ში მე-3 სართულზე მდებარე 145 კვ.მ საცხოვრებელი ბინიდან ე. და ვ. მ-ების გამოსახლების მართლზომიერებას.
მოპასუხე ე. და ვ. მ-ების მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს ა. მ-ის სარჩელს ე. ბ-ის მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების, მათ შორის, ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა ¹12/14-ში მე-3 სართულზე მდებარე 145 კვ.მ ბინის გაყოფის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო ბინის მესაკუთრის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს მითითებული ბინიდან პირთა გამოსახლების საკითხის გადასაწყვეტად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლებას ანიჭებს სწორედ უძრავი ნივთის მესაკუთრეს. შესაბამისად, ა. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილება და სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ცნობა მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს განსახილველი დავის სამართლებრივ ბედზე.
ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია საქმის წარმოების შეჩერებით დავის განხილვის გაჭიანურების თაობაზე, რის გამოც ე. ბ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.