ას-1817-1791-2011 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის Qსააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ფ-ის მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 23 სექტემბერს ზ. ფ-ემ ვალდებულება იკისრა, 2010 წლის 20 ოქტომბრამდე მოსარჩელისათვის შეეძინა ქ.ბათუმში ერთოთახიანი ბინა. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა მოპასუხეს ბინა არ შეუძენია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბერს, 11:30 საათისათვის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დანიშნული იყო ი. შ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა. აღნიშნული სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა სხდომის გადადების შესახებ, რადგან იგი დანიშნულ დროს მონაწილეობდა სხვა სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს სასამართლოში შუამდგომლობათა და მტკიცებულებათა წარდგენისა და განხილვის წესებს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სხდომის გადადების თაობაზე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანია თუ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაში მონაწილეობა, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ ი. შ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ჩაინიშნა აპელანტის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას, მასთან შეთანხმებითა და ადვოკატის დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით.
ამდენად, პალატამ აპელანტისა და მისი წარმომადგენლის ჯ. ქ-ის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასევე საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება თავად აპელანტ ი. შ-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 231-ე მუხლებით, 275-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომელთაც შეტყობინებები სხდომაზე მოწვევის შესახებ გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. თავად აპელანტი მხარის და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობი იყო, ხოლო აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნა შეფასებული, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. შ-ის წარმომადგენელმა ჯ. ქ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა ჯ.ქ-ის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომები დაინიშნა მოულოდნელად, მასთან შეუთანხმებლად.
ამ შემთხვევაში წარმოიშვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოება, რომლის შესახებაც აპელანტის წარმომადგენელმა წინასწარ არ იცოდა, რაც კარგად ჩანს მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართულ სასამართლოს უწყების გამოწერის თარიღზე. მეორე სასამართლო სხდომის თაობაზე კი, გაფრთხილებულ იქნა ტელეფონით და მისთვის ასევე წინასწარ უცნობი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასამართი მეორე სხდომის შესახებ.
რაც შეეხება ი. შ-ის გამოუცხადებლობას, ის სარგებლობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით. მას საქმის წარმოება მინდობილი ჰქონდა ჯ. ქ-ისათვის და მისთვის მონაწილეობა საქმის განხილვაში არ წარმოადგენდა სავალდებულო პირობას. მით უმეტეს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა მხოლოდ აპელანტის წარმომადგენელს და ი. შ-ეს პირადად.
ამდენად სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. შ-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ მხარეებმა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგეს ან პროცესზე გამოცხადებასთან დაკავშირებული საპროცესო მოვალეობის არასაპატიოდ შეუსრულებლობით უპატივცემულობა გამოხატეს სასამართლოს მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტ ი. შ-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-ს 2011 წლის 29 ნოემბერს სააპელაციო საჩივრის განხილვის დანიშნვის თაობაზე ეცნობა სატელეფონო შეტყობინების ჩაბარების გზით. მეტიც, შესაბამისი აქტიდან ირკვევა, რომ საქმის განხილვა ჩაინიშნა ჯ. ქ-ის საადვოკატო გრაფიკის გათვალისწინებით, მასთან შეთანხმებით.
აღნიშნულის მიუხედავად, არც თავად ი. შ-ე, არც მისი წარმომადგენელი ჯ. ქ-ი და არც მოწინააღმდეგე მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. ამ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. შ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად თვლის ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესით გათვალისწინებული საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა აპელანტ მხარეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია.
სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა, რომ სასამართლო სხდომა ჩაინიშნა ჯ. ქ-ის საადვოკატო გრაფიკთან შეთანხმებით, რაც გამორიცხავს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ადვოკატის სხვა საქმეში მონაწილების მიჩნევას. ამასთან, მხარის მიერ წარდგენილი სასამართლო უწყებიდან არ დასტურდება ის გარემოება, რომ ჯ. ქ-მა სხვა საქმეზე მისი დაბარების თაობაზე მოულოდნელად შეიტყო.
საპატიოდ ვერ ჩაითვლება ასევე თავად ი. შ-ის გამოუცხადებლობაც, ვინაიდან ადვოკატის მოცემულ პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში სწორედ მხარე იყო ვალდებული, საქმის განხილვისას დაეცვა საკუთარი ინტერესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა მხარემ ვერ დაასაბუთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. შ-ის წარმომადგენელ ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის Qსააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.