ას-232-224-2012 13 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. გ-ხ-ი
წარმომადგენელი _ ნ. ჩ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ხ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეზე ¹2ბ/3739-11 დამტკიცდა მორიგება ს. გ-ხ-სა და ა. გ-ხ-ს შორის. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. გ-ხ-ის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ხ-ის წარმომადგენლის ნ. ჩ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ტომი 2, ს.ფ. 31-32). დადგენილია ასევე, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით (ტომი 2, ს.ფ. 30). ვინაიდან ს. გ-ხ-ის წარმომადგენელმა ნ. ჩ-ამ უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე, ამიტომ მან დაკარგა უფლება გაასაჩივროს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით. ამდენად, ს. გ-ხ-ის წარმომადგენლის ნ. ჩ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არ არსებობს ს. გ-ხ-ის წარმომადგენლის ნ. ჩ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ხ-ის წარმომადგენლის ნ. ჩ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.