№ას-265-256-2012 24 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. ბ-ი, თ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების: ა. ბ-ის, თ. ნ-ისა და შპს „ბ-ის“ მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა არბიტრაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ბ-ისა და თ. ნ-ის წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით ა. ბ-ისა და თ. ნ-ის წარმომადგენელ ა. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ის წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება, ასევე 2011 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, 2012 წლის 12 იანვრის სხდომაზე რ. დ-ემ წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი განცხადების განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით რ. დ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რ. დ-ე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებდა ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინება რ. დ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც შესაძლებელს გახდის საქმეზე წარმოების შეჩერებას. რ. დ-ის განცხადება, რომელიც შეტანილია უზენაეს სასამართლოში, არ არის იგივე საქმე, რასაც იხილავდა სააპელაციო სასამართლო. მართალია, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც გააუქმა უზენაესმა სასამართლომ, განთავსებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში, მაგრამ საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით აღძრული საქმე სხვა საქმეა. ეს იმითაც დასტურდება, რომ ასეთ საქმეს ენიჭება სრულიად სხვა ნომერი და განიხილება სრულიად სხვა საფუძვლებით, განსხვავებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება არა ყველა, არამედ სასამართლოს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მსგავსი წესით გასაჩივრების უფლებას კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ანიჭებს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად არეგულირებს კერძო საჩივრით გასაჩივრებადი განჩინებების საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ასეთ შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მიმართ, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მითითებულ განჩინებაზე რ. დ-ის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად აღარ არსებობს ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების შეჩერებას მოითხოვდა, რამდენადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 26 იანვარს განიხილა რ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და არ დააკმაყოფილა იგი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. დ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.