№ას-42-40-2012 17 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ზ-დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. დ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგანაც მას ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობა დაყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, რომელიც საქმის განხილვის იმ ეტაპზე არ იქნა გაიზიარებული სასამართლოს მიერ. მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად არ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, არამედ დააყენა ამავე შინაარსის შუამდგომლობა, პალატამ ზემოაღნიშნული მოთხოვნა ჩათვალა დაუშვებლად.
სააპელაციო პალატის ამავე განჩინებით მ. ძ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე მ. ძ-ის სარჩელის გამო ქ. დ-ის მიმართ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 75 ლარი შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლით და მოსარჩელის (აპელანტის) მიერ სარჩელზე უარის თქმა მიიჩნია დისპოზიციურობის პრინციპით მხარისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებად, რომლის რეალიზაციაც აპელანტმა კანონით დადგენილი წესით განახორციელა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ძ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა განჩინება ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რის გამოც აპელანტი იძულებული გახდა უარი ეთქვა სარჩელზე. ექსპერტიზის დანიშვნის გარეშე, მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა, სააპელაციო პალატამ, მიუხედავად მხარის მიერ ალტერნატიული ექსპერტზის დანიშვნისა, არ გადააგზავნა საქმის მასალები ტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად, ამავე შინაარსის შუამდგომლობა დაყენებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც არაერთხელ, თუმცა მხარეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რაიმე განჩინება არ გადასცემია. მ. ძ-ი ისაკ და ელენე ძ-ების ერთადერთი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა, რომელიც ცხოვრობს ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, წ-ის ქ№145-ში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფლობდა დანაშთ სამკვიდროს და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, ისაკ ძ-ი გარდაიცვალა 1992 წელს, ხოლო ელენე ძ-ი _ 2000 წელს. მოსარჩელის მოთხოვნა იყო საჯარო რეესტრში ქ. დ-ის სახელზე არსებული 2008 წლის 9 ოქტომბრის ჩანაწერის გაუქმება. 1972 წელს ისაკ ძ-სა და ქ- ზ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც მოგვიანებით გაუქმდა. აღნიშნული ნათლადაა ასახული დოკუმენტებში. 2008 წლის 23 იანვრამდე, სადავო ქონების 1/2 ირიცხებოდა ისაკ ძ-ის, ხოლო 1/2 _ ელენე ძ-ის სახელზე, ასევე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფაქტი გახდა იმის საფუძველი, რომ კერძო საჩივრის ავტორმა 2008 წლის 10 იანვარს მიიღო №2-12 სამკვიდრო მოწმობა. ქთევან ზ-დ-ი კი, გაუქმებული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2008 წლის 9 ოქტომბერს, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებიდან 9 თვის შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება ტექ.ბიუროს თანამშრომლის დახმარებით ქ.ზ-ის მიერ დოკუმენტაციის გაყალბებისა და 1972 წლის 2 ნოემბრის გაუქმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ საჯარო რეესტრში სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების თაღლითურად აღრიცხვის ფაქტი.
კერძო საჩივრის ავტორმა 2012 წლის 27 იანვრის განცხადებას ასევე დაურთო მტკიცებულებები 22 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, მ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო პალატა საქმეში არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის სხდომის ოქმის შესწავლის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე (აპელანტი) მ. ძ-მა უარი თქმა სარჩელზე. აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, ხარვეზის გამოსწორების მიზნით კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადებით, მ.ძ-ი ადასტურებს მის მიერ სარჩელზე უარის თქმის ფაქტს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დასახელებული ნორმა მხარეს აძლევს რა შესაძლებლობას მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საფუძველზე, მასვე ეძლევა სრული შესაძლებლობა, საპროცესო კანონმდებლობის სხვა პრინციპების გათვალისწინებით, გარკვეულწილად თავადვე განაპირობოს საქმის წარმოების შედეგი. აღნიშნული თვალნათლივ იკვეთება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესში, სადაც განსაზღვრულია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში მხარემ სააპელაციო წარმოების ეტაპზე უარი თქვა რა სარჩელზე, მან განკარგა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობანი, რაც სასამართლოს მხრიდან სავსებით მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ პალატამ სწორად შეწყვიტა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოება, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ განჩინების მიღებისას სწორად გამოიყენა სამართლის ნორმა.
რაც შეეხება მ. ძ-ის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარსა და განცხადებას, რომლითაც მან დააზუსტა კერძო საჩივრის საფუძვლები, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული გარემოებებით მხარე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში არ შედავებია გასაჩივრებულ განჩინებას, ის შემოიფარგლა მხოლოდ ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობაზე მითითებით. მიუხედავად საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განჩინების მითითებისა, კერძო საჩივრის ავტორს დაეზუსტებინა სააპელაციო პალატის რომელ განჩინებას ასაჩივრებდა, მხარემ არ დააკონკრეტა ზემოაღნიშნული, მიუთითა მხოლოდ ის, რომ მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას, სადაც ასევე საუბარია ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების მიმართ კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, განიხილოს ამ საკითხის კანონიერება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა რეგულირებული, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება საქმის საკასაციო წესით განხილვისას და დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში მხარემ უარი თქვა რა სარჩელზე, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება, სააპელაციო პალატის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებობა მხარეს აღარ გააჩნია, კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილ საპროცესო წესებზე კი ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება არ ვრცელდება. ამდენად, რადგანაც საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს გასაჩივრებული საოქმო განჩინების იმ ნაწილის კანონიერება, რომლის მიმართაც კანონმდებლობა კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს და გადაწყვიტოს მ. ძ-ის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე.
რაც შეეხება მ. ძ-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა აღნიშნულთან მიმართებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ძ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 27 იანვრის №ა-337-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 22 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. მ. ძ-ს დაუბრუნდეს 2012 წლის 27 იანვრის №ა-337-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 22 ფურცლად კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.