Facebook Twitter
საქმე №ას-4-4-2012 10 თებერვალი, 2012 წელი

№ას-4-4-2012 10 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები: 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (განმცხადებელი)

2. ო. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი – ნივთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. კ-ის მიმართ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ო. ხ-ის სარჩელი ო. კ-ის მიმართ სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ეს დაევალა დაბა წყნეთში, თ. მ.ის ქუჩა №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. კ-ის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების განმარტების თხოვნით არაერთხელ მიმართეს სასამართლოს მხარეებმა და, შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მსჯელობის საგანი არაერთხელ გახდა 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების საკითხი. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ო. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი _ „ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ო. კ-ეს დაევალოს დაბა წყნეთში, თ. მ.ის ქ. №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში“ _ განიმარტა იმგვარად, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატა შემდეგ მოქმედებებში:

ა) ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა;

ბ) ტერასის დანგრევა 100 კვ.მ მოზაიკის იატაკითა და კიბით;

გ) ო. კ-ის მიერ მოწყობილი ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება;

დ) ეზოს კეთილმოწყობის მოშლა;

ე) სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება;

ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ. დ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები განიმარტა იმგვარად, რომ ეზოს კეთილმოწყობის მოშლა და სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება უნდა გამოხატულიყო შემდეგ მოქმედებებში:

დ.ა. კეთილმოწყობის მოსაშლელად ეზოში უნდა აღებულიყო მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასა დაახლოებით 100 კვ.მ-ზე.

ე.ა. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე მოყვანა უნდა განხორციელებულიყო იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო მისი ფუნქციური დატვირთვა (შესაძლებელი ყოფილიყო მისი სარდაფის სახით გამოყენება).

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა შოთა მუმლაძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: დასაშვებია თუ არა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ო. კ-ემ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, იგივე ქმედება ასეთ პირობებში განახორციელოს კრედიტორმა საკუთარი ხარჯით მშენებლობის ნებართვის გარეშე ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

განმცხადებელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით განიმარტა იმავე სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინება (სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ), მაგრამ იძულებითი აღსრულების პროცესში სააღსრულებო ბიურო წააწყდა გარკვეულ სირთულეებს, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი მომართვის საჭიროება, რათა კიდევ ერთხელ განიმარტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. აღნიშნული განმარტება აუცილებელია გადაწყვეტილების აღსრულების სწორად წარმართვისათვის. აღსრულების პროცესში მოვალე ო. კ-ის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია, რომ დანგრევას დაქვემდებარებული ტერასის დემონტაჟს ესაჭიროება სათანადო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან. მოვალეს განესაზღვრა ვადა აღნიშნული სახის ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მოპოვებას ართულებს ის გარემოება, რომ მოვალე ო. კ-ე არ არის რეგისტრირებული იმ უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის დემონტაჟს დაქვემდებარებული ზემოაღნიშნული ტერასა. საკუთრების უფლების რეგისტრაციას კი აბრკოლებს ქონებაზე დადებული ყადაღა. იქმნება ვითარება, როდესაც მოვალე აცხადებს თანხმობას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე, თუმცა მას არ აქვს სამართლებრივი შესაძლებლობა, განახორციელოს მისი ეს უფლება მართლზომიერად. აღნიშნულს დაემატა ის გარემოებაც, რომ ბიუროს განცხადებით მიმართეს დაბა წყნეთში, თ. მ.ის ქ№24-ის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებმა ტერასის მისალოდნელი დემონტაჟის პროცესში მიმდინარე ავარიული ნაგებობის მდგრადობის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროს შოთა მუმლაძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია გადაწყვეტილების განმარტების სახით ახალი გადაწყვეტილების მიღება ან ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა. სასამართლომ ასევე მიუთითა განსახილველ საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, ამავე სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისისა და 2010 წლის 11 ივნისის განჩინებებზე, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული, ამ განჩინებებით განმარტებული გარემოებანი გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს ის საკითხი, რომლის განხილვასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შინაარსი არ არის ბუნდოვანი, იგი მკაფიოა და არ საჭიროებს განმარტებას, განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხის განმარტება სცდება სამოქალაქო საროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და არ წარმოადგენს გადაწყვეტილების განმარტების საგანს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი რემდენჯერმე განმარტა, თუმცა გადაწყვეტილების იძულებითი აღრსრულების პროცესში წარმოიშვა გარკვეული სირთულეები, რის გამოც საჭიროა გადაწყვეტილების კვლავ განმარტება, კერძოდ, აღსრულების პროცესში მოვალე ო.კ-ემ წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც დანგრევას დაქვემდებარებული ტერასის დემონტაჟს ესაჭიროება სათანადო ნებართვა ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ვინაიდან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოვალე უფლებამოსილია, ნებაყოფლობით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, მოპასუხეს განესაზღვრა ვადა ამ ნებართვის მისაღებად, თუმცა ზემოაღნიშნული აღმოჩნდა შეუძლებელი, რადგანაც ო. კ-ე არ არის რეგისტრირებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის ნაწილსაც დემონტაჟს დაქვემდებარებული ტერასა შეადგენს, საკუთრების უფლების რეგისტრაციას კი აფერხებს უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოვალის ნება, ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, თუმცა ამის განხორციელება ობიექტურად შეუძლებელია. აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართეს წყნეთში, თ. მ.ის ქ№24-ში მცხოვრებმა პირებმაც და, ზემოაღნიშნული მისამართის მიმდებარედ არსებული ნაგებობების ავარიული მდგომაროების გამო, გამოთქვეს შეშფოთება, რადგანაც დემონტაჟის შედეგად მოსალოდნელია ნაგებობების მდგრადობის გაუარესება. აღნიშნული გარემოებები აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ხდის ბუნდოვნად, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუიძველზე, მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის განმარტებას, კერძოდ, იმის დადგენას, ო. კ-ის მიერ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დასაშვებია თუ არა აღნიშნული საკუთარი ხარჯით განახორციელოს კრედიტორმა ან აღსრულების ბიურომ მშენებლობის ნებართვის გარეშე.

სააპელაციო პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ასევე ო. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის განმარტებასაც აღსრულების ეროვნული ბიურო მოითხოვდა, არ არის ბუნდოვანი და არ იმსჯელა განცხადებაში მითითებულ საკითხებზე, რაც არასწორია, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება მოვალისათვის ობიექტურად შეუძლებელი აღმოჩნდა, გადაწყვეტილებით გაურკვეველი რჩება, შეუძლია თუ არა ო.კ-ეს განახორციელოს დემონტაჟი, რომელსაც საფუძვლად სამშენებლო დოკუმენტაცია უნდა დაერთოს. აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე დემონტაჟის დაწყების შემთხვევაში, მხარეს შესაძლოა, დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა. გადაწყვეტილების აღსრულებით სადავო ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების შესაძლო დემონტაჟის გამო ო. კ-ეს შეიძლება ასევე დაეკისროს პასუხისმგებლობა, რაც განაპირობებს მხარის სურვილს, დემონტაჟი განხორციელდეს სათანადოდ განსაზღვრული წესით. ამასთანავე, ო.კოზივაძეს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სურს საკუთარი ინიციატივით აღასრულოს მისთვის დაკისრებული ვალდებულება და აღნიშნული განპირობებულია ასევე მატერიალური სახსრებით, ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ასეთი ქმედება შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც, მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას და არა მაშინ, როდესაც მოვალე ვერ ასრულებს ვალდებულებას. იმის გათვალისწინებით, რომ ვერც ო.კ-ის და ვერც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ვერ იქნა ზუსტად განსაზღვრული აღსრულების მოქმედების შეინაარსი, სასამართლო გადაწყვეტილება ითვლება ბუნდოვნად, ამასთან, თუ პალატა მიიჩნევდა, რომ სადავო საკითხის განხილვა სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენდა, ის ულებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ო. კ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ეს დაევალა დაბა წყნეთში, თ. მ.ის ქუჩა №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ო. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი _ „ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ო. კ-ეს დაევალოს დაბა წყნეთში, თ. მ.ის ქ. №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში“ _ განიმარტა იმგვარად, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატა შემდეგ მოქმედებებში: ა) ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა; ბ) ტერასის დანგრევა 100 კვ.მ. მოზაიკის იატაკითა და კიბით; გ) ო. კ-ის მიერ მოწყობილი ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება; დ) ეზოს კეთილმოწყობის მოშლა; ე) სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. დ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები განიმარტა იმგვარად, რომ ეზოს კეთილმოწყობის მოშლა და სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება უნდა გამოხატულიყო შემდეგ მოქმედებებში: დ.ა. კეთილმოწყობის მოსაშლელად ეზოში უნდა აღებულიყო მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასა დაახლოებით 100 კვ.მ-ზე; ე.ა. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე მოყვანა უნდა განხორციელებულიყო იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო მისი ფუნქციური დატვირთვა (შესაძლებელი ყოფილიყო მისი სარდაფის სახით გამოყენება).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მითითებული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ, სამშენებლო დოკუმენტაციის გაუცემლობის გამო, სააპელაციო პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება ბუნდოვანია და უნდა განიმარტოს. ამასთანავე, სასამართლო თვლის, რომ სამშენებლო დოკუმენტაციის გაუცემლობის მოტივით გადაწყვეტილების ბუნდოვანებაზე მითითების უსაფუძვლოდ მიჩნევის საფუძველს ისიც წარმოადგენს, რომ მოვალეს ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების გასაჩივრებისა და სათანადო დოკუმენტაციის ამ წესით მიღებისა, რის თაობაზეც საქმის მასალებში მითითებული არ ყოფილა. თავად აღსრულების ეროვნული ბიურის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მოვალის მიერ ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შეუძლებლობა და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ეს ქმედება განახორციელოს კრედიტორმა ან სააღსრულებო ბიურომ, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების კანონისმიერ საფუძველს, რადგანაც იძულებითი აღსრულების ფარგლებში სააღსრულებო ორგანო აღჭურვილია ყველა შესაძლებლობით მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამისი ზომების მიღების გზით. იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილება განმარტებულია არაერთხელ და მკაფიოდ და ნათლადაა დადგენილი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წესი, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ სწორად უთხრა უარი მხარეს გადაწყვეტილების განმარტებაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში აისახება სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი შედეგის სიცხადე. გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, იქნება ის მოვალე თუ შესაბამისი ორგანო, ვალდებულია, გადაწყვეტილების აღსრულებისას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიმართ გონივრულად იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მართლმსაჯულების აქტის სწორად და გონივრულად აღსრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და თვლის, რომ სასამართლომ სწორად განმარტა დისპოზიციურობის პრინციპი, რომლითაც დადგენილია მხარის უფლება, მისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მოთხოვნის ოდენობა და ამავდროულად, სამოქალაქო სამართალწარმოება შეზღუდულია ზემოაღნიშნული ნორმით, იმსჯელოს მხოლოდ მხარეთა იმ მოსაზრებებსა თუ მტკიცებულებებზე, რაც მათ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოდ მიაჩნიათ.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას დემონტაჟის გზით სხვა პირთა უფლების შესაძლო დარღვევის თაობაზე, ასევე შეუძლია თუ არა გადაწყვეტილება აღასრულოს სხვა პირმა ან სააღსრულებო ბიურომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ არც აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს განმარტების საგანს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, განმარტება შესაძლებალია მხოლოდ გადაწყვეტილების ფარგლებში და არა პროცესის არასუბიექტ სხვა პირთა მიმართ, ამასთანავე სააღსრულებო მოქმედების მაწარმოებელი პირი, გადაწყვეტილების კანონიერი ძალის ობიექტური ფარგლების გათვალისწინებით, ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაწყვეტილების რაც შეიძლება ნაკლები ზიანის გამოწვევის გზით აღსრულების თაობაზე. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების განმახორციელებელი სუბიექტები ამომწურავადაა განსაზღვრული საპეციალურ კანონში – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აღსრულებაზე უაფლებამოსილი პირის ვინაობის მითითება სასამართლოს უფლებას წარმოადგენს საკუთარი შეხედულებით, დავის არსიდან გამომდინარე მიუთითოს აღსრულების სუბიექტები და გადაწყვეტილებაში ამ ნორმით განსაზღვრული საკითხის მიუთითებლობა არც გადაწყვეტილების განმარტების და არც მისი ბუნდოვნად მიჩნევის საფუძველი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ „აღსრულების ერვნული ბიუროსა“ და ო. კ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, მოცემულ კერძო საჩივარზე სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ წარადგინა 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი განისაზღვრება 50 ლარით, ანუ კანონით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

რაც შეეხება ო. ხ-ის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა აღნიშნულთან მიმართებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ხ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 20 იანვრის №ა-245-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 35 (ოცდათხუთმეტი) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ო. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. კერძო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიურის“ (ს/№...) შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 29 დეკემბერს საგადახდო დავალება №01-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან – 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

6. ო. ხ-ს დაუბრუნდეს 2012 წლის 20 იანვრის №ა-245-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 35 (ოცდათხუთმეტი) ფურცლად.

7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: მ. სულხანიშვილი

ვ. როინიშვილი