Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-52-49-2012 27 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ რ.იშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. შ-ის სარჩელი მოპასუხე რ. ს-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის დაკისრება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. სილვარიძეს ვ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3044 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. 97-99, 142-143).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ (ს.ფ. 105-115).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 179-184).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უფლება ჰქონდა შეემცირებინა აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და გადაევადებინა მისი გადახდა, რაც არ განახორციელა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი გარემოებები: რ. ს-ეს ოჯახში ჰყავს მამა (ნ. ს-ე), რომელიც მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია. აპელანტი მუშაობს მძღოლად სოფლის ავტობუსზე და აქვს მინიმალური ხელფასი. მას სოფელში არაფერი გააჩნია, არ აქვს არანაირი შემოსავალი, ფინანსურად უკიდურესად უჭირს. ამის გამო ვერ შეძლო კვალიფიციური ადვოკატის დახმარებით სარგებლობა, ამავე მიზეზითვე ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი იმისათვის, რომ დაედგინა სიმართლე (ს.ფ. 192-193).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის (121.76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე, სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარის ზუსტი დასახელება, მისამართი და საკონტაქტო მონაცემები. ამავდროულად, სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც აპელანტს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო (ს.ფ. 148-150).

2011 წლის 7 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობის გამო. აპელანტმა მიუთითა ასევე, რომ ბანკიდან აღებული აქვს სესხი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია (ს.ფ. 155-156).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით რ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას 14 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამავე განჩინებით, მას კვლავ განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ს.ფ. 166-168).

2011 წლის 2 დეკემბერს აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. შუამდგომლობა ამჯერადაც მოტივირებული იყო იმით, რომ აპელანტი იმყოფებოდა მძიმე პირობებში, მას გააჩნდა ფინანსური პრობლემები, რასაც ადასტურებდა საქმეზე წარდგენილი ცნობები. განმცხადებელმა მიუთითა ასევე, რომ მოპასუხის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა ხელვაჩაური, სოფელი ც-ი, თუმცა აღნიშნული დროისათვის ვ. შ-ე სასჯელს იხდიდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულებაში (ს.ფ. 171).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 2 დეკემბრის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები ვერ ჩაითვლებოდა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად. ამასთან, მართალია, აპელანტმა განცხადებაში მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის სახელი, გვარი და მისამართი, მაგრამ არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული ფორმით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმა) შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარის სახელი, გვარი, ზუსტი მისამართი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ცნობები მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან ხსენებული მტკიცებულებები არ წარმოადგენენ საკმარის საფუძველს აპელანტის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად. მითითებული მტკიცებულებები სრულად არ ასახავენ აპელანტის ქონებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.