Facebook Twitter
საქმე №ას-55-52-2012 20 თებერვალი, 2012 წელი

№ას-55-52-2012 20 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ს-ოს“ მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანბების მიღების თხოვნით, რაც თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა 2011 წლის 23 მაისს და მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც შპს „ს-ოს“ განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა 2250,71 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით აღნიშნული ბრძანება გაუქმდა შპს „ს-ოს“ პროტესტის საფუძველზე და საქმის განხილვა დაიწყო საერთო სასარჩელო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ს-ოს“ შპს „მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2250,71 ლარის გადახდა, ასევე განსაზღვრა სასამართლო ხარჯები. ამავე კოლეგიის 2011 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ომ“.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, მოგვიანებით, 2011 წლის 2 ნოემბერს აპელნტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა ორი დღით. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა შპს „ს-ოს“ უფლებამოსილ პირს – ოფისის მენეჯერ მ. ლ-ას 2011 წლის 4 ნოემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 2 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 5 ნოემბრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2011 წლის 7 ნოემბერს. შპს „ს-ომ“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი – არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, პალატამ ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს-ომ“, მოითხოვა გასაჩივრებული განბჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩვრებული განჩინებით მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა უფლების სამართლიან სასამართლოში დაცვაზე, შპს „ს-ომ“ სასართლოს მიმართა განცხადებით განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის, ხოლო სასამართლომ, ნაცვლად მოთხოვნის მართებულობის შეფასებისა, მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით აპელნტ შპს „ს-ოს“ საპროცესო ვადა განესაზღვრა 7 დღით და დაევალა სააპელაციო საჩივრის გამო სახელმიწო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (იხ. ტ.II, ს.ფ.2-3), საქმეში წარმოდგენილი შპს „ს-ოს“ დირექტორ გ.სიჭინავას განცხადება (რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა საპროცესო ვადის გაგრძელებას, რადგანაც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო საპროცესო მოქმედების განხორციელება), სააპელაციო პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 2 დღით (იხ. ტ.II, ს.ფ.7-8), საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო პალატის განჩინება შპს „ს-ოს“ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 4 ნოემბერს ჩაბარდა შპს „ს-ოს“ ოფის მენეჯერ მ. ლ-ას (იხ. ტ.II, ს.ფ. 10). საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შპს „ს-ოს“ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის წესი. ზემოაღნიშნული ნორმის საპროცესო მოქმედების განხორციელების დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით იგი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას უნდა გადაეცეს ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებას, საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო მხარისათვის განჩინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან – 2011 წლის 5 ნოემბრიდან (სსსკ 60.2) და, ვინაიდან, ვადის უკანასკნელი, მე-2 დღე დასვენების დღეს ემთხვეოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს – 7 ნოემბერს. საქმის მასალებით დასტურდება და არც შპს „ს-ო“ შედავებია იმ ფაქტს, რომ მას დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სამოქალაქო საპროცეესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გარემოებები, სწორად გამოიყენა კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც არ არსებობდა შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შპს „ს-ოს“ მითითებას, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, მისი სააპელაციო საჩივარი განეხილა სამართლიან სასამართლოს, რადგანაც, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ მართლმსაჯულების არასამართლიანი სასამართლოს მიერ განხორციელება და მისი რომელი უფლება დაირღვა სასამართლოს მიერ, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან – შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა, რა დროსაც სასამართლო საქმეს იხილავს მხარის მიერ ამ პრინციპების ფარგლებში თავისუფლად გამოვლენილი ნების საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს უფლება აქვს, დავა გადაწყვიტოს საკუთარი შეხედულებით (დაასრულოს მორიგებით, გამოიხმოს სარჩელი, უარი თქვას მოთხოვნაზე ან ცნოს მის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნების კანონიერება), სასამართლოს ყოველთვის ექმნება პრეზუმფცია, რომ მხარე, რომელიც დადგენილი წესით ინფორმირებულია საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე და არ ასრულებს მას არასაპატიო მიზეზით, აღიარებს მისი პოზიციის უმართებულობას ან საერთოდ დაკარგული აქვს ინტერესი დავის მიმართ, ამავდროულად, იმისათვის, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის კანონით აღიარებული ინტერესები, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესი პრეზუმფციასთან ერთად, წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც დადგენილ ვადაში არ ასრულებს დაკისრებულ მოქმედებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულია საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვების შესაძლებლობა.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს შპს „ს-ოს“ კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.