Facebook Twitter

ას-9-9-2012 13 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ პ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...“ ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. დ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 18 თებერვალს სს „... ბანკსა“ და პ. დ-ეს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალესთან დაიდო 2008 წლის 7 მარტს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხემ მიიღო საბანკო სესხი 30000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 3 მარტამდე, რომლის მიხედვით, ბანკის სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურ 19%-ს, ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ 802 აშშ დოლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარს ერთჯერადად და პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად 0,5%-ს. მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის გრაფიკი, როცა 2008 წლის 3 დეკემბრიდან შეწყვიტა თანხის შემოტანა. შესაბამისად, 2011 წლისთვის პ. დ-ის დავალიანება ბანკის მიმართ ამ კონკრეტულ სესხზე შეადგენს 8009156 აშშ დოლარს.

მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. დ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით პ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით, აპელანტს, პ. დ-ეს ხარვეზის შევსების მიზნით, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 118974 ლარის 4%-ის, 4758.96 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა დაევალა და ამ მიზნით განესაზღვრა ვადა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. 2011 წლის 15 ივლისს, აპელანტის წარმომადგენელმა, ვ.ლ-ამ განცხადებით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის ვადის შესავსებად განესაზღვრა, კიდევ 10 დღე. 2011 წლის 2 აგვისტოს, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დაცვით, აპელანტის წარმომადგენელმა ვ. ლ-ამ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, პ. დ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაინიშნა მთავარი სხდომა.

2011 წლის 12 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე პ. დ-ეს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით პ. დ-ეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სრულად, კერძოდ, 4608.96 ლარის გადახდა, რისთვისაც მას განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. სასამართლოს მთავარ სხდომაში მონაწილეობას ღებულობდა აპელანტის წარმომადგენელი ვ. ლ-ა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 372-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი, სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა, შეეძლო 2011 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ არ მოუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისს გამოცემული განჩინებით დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 4758,96 ლარის გადახდა. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა, უსახსრობის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო, კერძოდ, გადაიხადა ბაჟი 150 ლარი. მას ფინანსურად უჭირს, სასამართლოს მისთვის არ უნდა წაერთვა სასამართლოსათვის მიმართვის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უფლება. ევროკონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებისას. სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა წარმოადგენდეს იძულებით შეზღუდვას, რომელიც ატარებს წმინდა ფინანსურ ხასიათს, რის გამოც ის მოითხოვს განსაკუთრებულ შემოწმებას მართლმსაჯულების თვალსაზრისით. სასამართლოს მოთხოვნა წინასწარი ხარჯების გაღების შესახებ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის იგნორირებით, ზღუდავს პირის უფლებას, დაშვებულ იქნეს მისი სარჩელი სასამართლოში და აღდგეს პირის დარღვეული უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაინიშნა მთავარი სხდომა. სააპელაციო პალატამ 2011 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორს განუმარტა, რომ როგორც სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შედეგად გამოირკვა, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი ნაცვლად 4758.96 ლარისა, გადაიხადა 150 ლარი. ასეთ ვითარებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს არსებული ცდომილების აღმოფხვრის ორ შესაძლებლობას, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ხარვეზის ვადის გაგრძელებას ან აღნიშნული თანხის საბოლოო გადაწყვეტილებით დაკისრებას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ს,ფ. 147). პ.დ-ის წარმომადგენელმა მარწმუნებელთან შეთანხმებით, მოითხოვა ხარვეზის შესავსებად – სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ვადის გაგრძელება, რაც სასამართლო განჩინებით დაკმაყოფილდა.

საგულისხმოა, რომ პ.დ-ის წარმომადგენელს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ვადის გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას ბაჟისგან გათავისუფლების ან მისი შემცირების თაობაზე მოთხოვნა არ დაუყენებია.

ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა ამოიწურა 2011 წლის 24 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს. ამდენად, სააპელაციოი სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადის გასვლის სამართლებრივ შედეგებზე.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ მასYარ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ფინანსურად უჭირდა და უნდა გათავისუფლებულიყო გადახდისაგან. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა გახდეს მისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის კანონით გათვალისწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლთან შეუსაბამოდ. ამასთან, გასათვალისწინებელია, ისიც, რომ აპელანტმა, რომელსაც სააპელაციო პალატამ მისცა შესაძლებლობა სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას, თავად მოითხოვა ვადა ხარვეზის შევსებისათვის და მას ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებზე არ მიუთითებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისს არ წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პ. დ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.