№ა-3556-ა-35-2011 23 თებერვალი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - თ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ღ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. მ-ისა და რაისა მამაკიდუს (ანასტასოვა) მიმართ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებით თ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ღ-ემ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
თ. ღ-ემ 2011 წლის 6 ოქტომბერს განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით: თ. ღ-ის საკასაციო საჩივრის განხილვის პერიოდში, მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-მა სადავო საცხოვრებელი ბინა გაასხვისა ნ. კ-ზე. აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობა მიიღო ნ. მ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც საქმის გამხილველ სასამართლოს დაუმალა სადავო ბინის გასხვისების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა ნ. კ-ი და არა ნ. მ-ი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით თ. ღ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რადგან განცხადებაზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და არ ერთვოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ვადაში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით თ. ღ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ღ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თნახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ღ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, კერძოდ, მის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და განცხადებას არ ერთვოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ვადაში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული განჩინება თ. ღ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 10 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა 2012 წლის 13 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ღ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 427-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ღ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.