ა-138-შ-3-2012 14 თებერვალი, 2012 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ზ-უ
განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით ლ. ხ-ასა და ო. ზ-უს შორის ჰერფორდის მმაჩის ბიუროში 2001 წლის 6 აპრილს რეგისტრირებული ¹39/2001 ქორწინება გაუქმდა, განისაზღვრა მხარეთა საპენსიო წილი და სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ლ. ხ-ამ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში დასახელებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი გერმანიის ქ. ბურგველდის მმაჩის ბიუროს მიერ წაყენებული მოთხოვნაა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის წარდგენის თაობაზე, რომელსაც გასცემს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. განმცხადებელმა მიუთითა რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის ცნობა ამ დოკუმენტის გაცემის წინაპირობაა, ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა ისიც, რომ განაჩენის მითითება თურქეთის მოქალაქეობაზე შესაძლოა იყოს უსწორობა და ის ფაქტი, რომ ლ. ხ-ა საქართველოს მოქალაქეა, დასტურდება მისი პირადობის მოწმობით. განმცხადებელმა აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა 2011 წლის 26 დეკემბერის ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, რომლის თანახმადაც, ლ. ხ-ა ფლობს საქართველოს მოქალაქის მოქმედ პირადობის მოწმობას. ასევე წარმოდგენილ იქნა ლ. ხ-ას პირადობის მოწმობისა და პასპორტის ასლები.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2010 წლის 26 მაისიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა შუამდგომლობის შეტანის მომენტისათვის მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა სასამართლოში იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ შუამდგომლობის შეტანის მომენტისათვის ლ. ხ-ა იყო საქართველოს მოქალაქე.
საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ლ. ხ-ას წარმომადგენელ ვ. ო-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 27 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების სამდღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2012 წლის 28 იანვარს და დასრულდა 2012 წლის 30 იანვარს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა.
რამდენადაც ლ. ხ-ას უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შუამდგომლობის შეტანის მომენტისათვის ლ. ხ-ა იყო საქართველოს მოქალაქე, შუამდგომლობა გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენის განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ხ-ას შუამდგომლობა გერმანიის ბურგველდის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენის განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.