ა-4262-შ-67-2011 28 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. კ-ი
წარმომადგენელი - ხ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ჰ. კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - გერმანიის, ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის, ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2007 წლის 27 ივნისს ნ. და ჰ. კ-ებს შორის რეგისტრირებული ქორწინება, მოპსაუხის წილის ანაზღაურება რაინჰალდის (ანაზღაურების ადგილი) გერმანიის პენსიონერთა დაზღვევაში არ შემდგარა, პროცესის ხარჯები განაწილდა მხარეთა შორის.
ნ. კ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლი 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. მოგვიანებით შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ხ. ვ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გერმანიის, ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლი 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 ივნისს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. კ-ის შუამდგომლობა ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის, ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. კ-სა და ჰ. კ-ს შორის შეწყდა ქორწინება. საქმეში წარმოდგენილი კიონლის მმაჩის ბიუროს მიერ საქორწინო რეესტრის სახით წარმოებული საოჯახო წიგნით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 ივნისს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-ის შუამდგომლობა ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ესსენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება რომლითაც ნ. კ-სა და ჰ. კ-ს შორის შეწყდა ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.