№ა-4365-შ-71-2011 20 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – „ტ. ე-ი“
წარმომადგენელი – გ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ. ფ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ლონდონის საზღვაო საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლონდონის საზღვაო საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით „ტ. ე-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, სს „ქ. ფ-ის“ შემხვედრი პრეტენზია მყიდველის საქონლის გამყიდველის შენობაში შენახვის ხარჯებთან დაკავშირებით, წარმოდგენის შემთხვევაში, მიჩნეულ იქნა გაუქმებულად, სს „ქ. ფ-ს“ „ტ. ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5.800000 აშშ დოლარი, შესაბამისი 3.636 წლიური პროცენტით 2008 წლის 28 მაისიდან წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყევეტილების მიღების დღემდე, ხოლო შემდგომ წლიური 3.636% თანხის გადახდამდე. სს „ქ. ფ-ს“ „ტ. ე-ის“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მყიდველის ანაზღაურებადი ხარჯი წლიური 4.5% გაერთიანებული 3-თვიან ნაწილებად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დღიდან თანხის გადახდამდე, ასევე საარბიტრაჟო ხარჯები 8.955 გირვანქა სტერლინგი იმ პირობით, რომ, თუ „ტ. ე-ის“ მოუწია ამ თანხის გადახდა მთლიანად ან ნაწილობრივ, პირველ ინსტანციაში, მათ უფლება აქვთ, მიიღონ სს „ქ. ფ-ისაგან“ ამგვარად გადახდილი ანაზღაურება დაუყოვნებლივ, პროცენტთან ერთად წლიური 4.5% განაკვეთით, გაერთიანებული 3-თვიან ნაწილებად ასეთი გადახდის დღიდან ანაზღაურებამდე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა „ტ. ე-ის“ წარმომადგენლებმა გ. ბ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
წარმოდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე სს „ქ. ფ-ი“ საქმის საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე იყო ინფორმირებული, ეცნობა მას სხდომის დანიშვნის დროისა და ადგილის შესახებ, ჩაბარდა საქმის მასალები და არაერთხელ მიეცა ვადა მოსაზრებისა თუ არბიტრის დანიშვნის თაობაზე, ასევე დასტურდება ის ფაქტი, რომ კომუნიკაცია მხარეთა შორის შედგა ტექნიკური საშუალებების – ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და, შეტყობინებების ჩაბარების დასტურის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარე ჩათვალა საკმარისად ინფორმირებულად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურებულია ასევე ის, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით „ტ. ე-ის“ წარმომადგენელ გ. ბ-ის შუამდგომლობა ლონდონის საზღვაო საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2011 წლის 13 იანვარს გ. ბ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ „ტ. ე-ი“ უარს აცხადებს შუამდგომლობაზე, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებსა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის საკითხის პროცესუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონმდებლობა პროცესუალური საკითხების მიმართ დასაშვებად მიიჩნევს ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, „ტ. ე-ის“ წარმომადგენელ გ. ბ-ის მოთხოვნა ლონდონის საზღვაო საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ანალოგიის წესის გამოყენებით განხილულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორ „ტ. ე-ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის – გ.ბ-ის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე უარი თქვა შუამდგომლობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, საკასაციო პალატა თვლის, რომ „ტ. ე-ის“ უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 21 ნოემბერს ნ. ყ-ის მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
„ტ. ე-ის“ წარმომადგენელ გ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. შეწყდეს წარმოება საქმეზე „ტ. ე-ის“ შუამდგომლობის გამო, სს „ქ. ფ-ის“ მიმართ ლონდონის საზღვაო საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. „ტ. ე-ის“ შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150 დაუბრუნდეს ნ. ყ-ის მიერ 2011 წლის 21 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.