Facebook Twitter

ა-4612-შ-75-2011 9 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ა. კ-ო

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ხ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. კ-ოს სარჩელი ე. ხ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, 1982 წლის 16 იანვარს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ე. ხ-ს 1980 წლის 16 დეკემბერს დაბადებული ა. კ-ოს სასარგებლოდ 2008 წლის 6 ივლისს დაბადებული შვილის _ ა. ხ-ის რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი ყოველგვარი შემოსავლის ¼ ნაწილი, არანაკლებ საარსებო მინიმუმის 30%-ის გადახდა შვილის შესაბამისი ასაკის მიღწევამდე 2010 წლის 6 ივნისიდან 2026 წლამდე, მოპასუხეს ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე ა. კ-ომ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესის დაცვით, გადაეცა ასევე სარჩელი თანდართული მასალებით, ხოლო გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა. საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2011 წლის 9 მარტს და ექვემდებარება აღსრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. კ-ოს შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების ნაწილში უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობა ე.ხ-ს.

2012 წლის 18 იანვარს ე.ხ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოცემული შუამდგომლობის მისი მონაწილეობით განხილვა, ასევე შუამდგომლობის ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ალიმენტის ოდენობა მშობლის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა იქნას გამოანგარიშებული მყარად დადგენილი თანხით, გადაწყვეტილებით კი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, დადგენილი ე.ხ-ისათვის მისი შემოსავლების 1/4-ის დაკისრება, რაც «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. ხ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. კ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. კ-ოს სარჩელი ე. ხ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, 1982 წლის 16 იანვარს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ე. ხ-ს 1980 წლის 16 დეკემბერს დაბადებული ა. კ-ოს სასარგებლოდ 2008 წლის 6 ივლისს დაბადებული შვილის _ ა. ხ-ის რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი ყოველგვარი შემოსავლის ¼ ნაწილი, არანაკლებ საარსებო მინიმუმის 30%-ის გადახდა შვილის შესაბამისი ასაკის მიღწევამდე 2010 წლის 6 ივნისიდან 2026 წლამდე, მოპასუხეს ასევე დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ა. კ-ომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესის დაცვით, გადაეცა ასევე სარჩელი თანდართული მასალებით, ხოლო გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა. საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2011 წლის 9 მარტს და ექვემდებარება აღსრულებას.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია.

რაც შეეხება ე. ხ-ის მოთხოვნას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, რადგანაც მხარე ზეპირი მოსმენით საქმის განხილვას მოითხოვს არა იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მის მიმართ დარღვეულ იქნა როგორც ეროვნული («საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონი) კანონმდებლობით ისე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი («სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» მინსკის კონვენცია), არამედ მიუთითებს, რომ ალიმენტვალდებული პირისათვის მისი შემოსავლების 1/4-ის სახით ალიმენტის განსაზღვრა წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლთან, რაც «საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლისთაც დადგენილია შემდეგი: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ზოგადი წესი და კანონმდებელი ნორმის დისპოზიციის არც ერთი ნაწილით არ კრძალავს ალიმენტის არც მყარად განსაზღვრული თანხის და არც შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობას, ამასთანავე, «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის დანაწესი, რომ გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს მოცემულ შემთხვევას არ შეეხება.

საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის ასევე მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე მოცემულ საკითხებთან მიმართებით და განმარტოს, რომ უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება შესაბამისობაშია ასევე სასამართლოს სტაბილურ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ ¹ა-2391-შ-81-09 2009 წლის 7 დეკემბერი, ¹ა-1129-შ-26-2010 2010 წლის 12 ივლისი).

ამდენად, ე.ხ-ის მიერ მითითებული გარემოებები უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის, ასევე მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.კიროვგრადის კიროვის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. კ-ოს სარჩელი ე. ხ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, 1982 წლის 16 იანვარს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ე. ხ-ს 1980 წლის 16 დეკემბერს დაბადებული ა. კ-ოს სასარგებლოდ 2008 წლის 6 ივლისს დაბადებული შვილის _ ა. ხ-ის რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი ყოველგვარი შემოსავლის ¼ ნაწილი, არანაკლებ საარსებო მინიმუმის 30%-ის გადახდა შვილის შესაბამისი ასაკის მიღწევამდე 2010 წლის 6 ივნისიდან 2026 წლამდე. ე. ხ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.