№ა-4613-შ-76-2011 29 თებერვალი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები - რ. ხ-ო, ს. ხ-ო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. შ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და
აღსრულებას მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენი
დავის საგანი – დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენით მ. შ-ეს დაეკისრა რ. ხ-ოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 6 026 998 (ექვსი მილიონ ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდათვრამეტი) რუბლის გადახდა. ამავე განაჩენით კი ს. ხ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 2 903 080 (ორი მილიონ ცხრაას სამიათას ოთხმოცი) რუბლის გადახდა.
რ. და ს. ხ-ოებმა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენის ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით. მატერიალური და მორალური ზიანის (6 026 998 და 2 903 080 რუბლი) დაკისრების ნაწილში აღნიშნული განაჩენი არ აღსრულებულა, ხოლო დანარჩენ ნაწილში არის აღსრულებული, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით – ცნობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით რ. და ს. ხ-ოების შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ. და ს. ხ-ოების შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენით მ. შ-ეს დაეკისრა რ. ხ-ოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 6 026 998 (ექვსი მილიონ ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდათვრამეტი) რუბლის გადახდა. ამავე განაჩენით კი ს. ხ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 2 903 080 რუბლის გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 28 აგვისტოს, მოწინააღმდეგე მხარე - მ. შ-ე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. და ს. ხ-ოების შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსიის რესპუბლიკის ბრესტის ოლქის, ივანოვსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის განაჩენი, რომლითაც მ. შ-ეს დაეკისრა რ. ხ-ოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 6 026 998 (ექვსი მილიონ ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდათვრამეტი) რუბლის გადახდა, ხოლო ს. ხ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 2 903 080 (ორი მილიონ ცხრაას სამიათას ოთხმოცი) რუბლის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.