Facebook Twitter

ა-562-შ-13-2012 14 თებერვალი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ჯ. ქ-ი

წარმომადგენელი – ი. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს სასტუმრო «ი. პ-ი»

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ყადაღის მოხსნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ანკარის საარბიტრაჟო საბჭომ 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს მიერ 2009 წლის 20 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება შპს სასტუმრო «ი. პ-ის» (საიდენტიფიკაციო კოდი ...) უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა მოეხსნა შპს სასტუმრო «ი. პ-ის» ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის ბათუმში ნ-ის ქ. ¹11-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს საერთო ფართით 10528 კვ.მ და 5460 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ. ქ-ის წარმომადგენელმა ი. ყ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 6 თებერვლიდან და საკითხი განხილულია მხარეთა დაუსწრებლად.

შუმადგომლობის წარმოებაში მიღების შემდეგ, შპს სასტუმრო «ი. პ-მა» სასამართლოს განცხადებით მომართა და მიუთითა, რომ ეთანხმება ჯ. ქ-ის შუამდგომლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ქ-ის შუამდგომლობა ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 731-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

«არბიტრაჟის შესახებ» კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

იმავე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს «არბიტრაჟის შესახებ» კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. ჯ. ქ-ის შუამდგომლობაზე ამგვარი გარემოებები არ გამოვლენილა, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 731-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 44-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ქ-ის წარმომადგენელ ი. ყ-ის შუამდგომლობა ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა ანკარის საარბიტრაჟო საბჭოს 2009 წლის 20 ნოემბერის გადაწყვეტილება შპს სასტუმრო «ი. პ-ის» (საიდენტიფიკაციო კოდი ...) უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა მოეხსნა შპს სასტუმრო «ი. პ-ის» ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის ბათუმში ნ-ის ქ. ¹11-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს საერთო ფართით 10528 კვ.მ და 5460 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.