Facebook Twitter

№ვ-56-შ-5-2012 24 თებერვალი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - კერძო საწარმო „მ-ო“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“ დაევალა კერძო საწარმო „მ-ოს“ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძირითადი დავალიანების, 33 583,43 აშშ დოლარის, ჯარიმის -671,66 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურების სახით 3255,31 აშშ დოლარის, სულ 37510,40 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საწარმო „მ-ომ“ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 22 ივნისიდან და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

შპს „ა-მა“ სასამართლოს წერილობითი მოსაზრებები წარმოუდგინა, სადაც მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 15 მარტს დაიდო N65GR ხელშეკრულება, რომელიც ხარისხიანი მედიკამენტების მოწოდებას ითვალისწინებდა. „მ-ოს“ მიერ მოწოდებული მედიკამენტები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რის გამოც შპს „ა-ი“ 10000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა „მ-ოს“, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ხელშეკრულების დარღვევის გამო, დავა გადაეცა უკრაინის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟს. შექმნილი ფინანსური სირთულეების გამო, შპს „ა-მა“ საქმის განხილვისას გამოცხადება ვერ უზრუნველყო და დოკუმენტები გააგზავნა, რომელიც არბიტრაჟს არ განუხილავს. ვინაიდან კომპანია „მ-ომ“ თავიდანვე დაარღვია ხელშეკრულების პირობა, არბიტრაჟის გადაწყვეტილება არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საწარმო „მ-ოს“ შუამდგომლობა უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 731-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

იმავე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. მოცემულ შუამდგომლობაზე ამგვარი გარემოებები არ გამოვლენილა.

რაც შეეხება შპს „ა-ის“ მითითებას კერძო საწარმო „მ-ოს“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხები დავის არსებითად განმხილველი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს, მოცემულ შემთხვევაში კი, საუბარია უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე. საქმის არსებით გარემოებებზე საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ იმსჯელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საწარმო „მ-ოს“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კერძო საწარმო „მ-ოს“ შუამდგომლობა უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს „ა-ს“ დაევალა კერძო საწარმო „მ-ოს“ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძირითადი დავალიანების, 33 583,43 აშშ დოლარის, ჯარიმის - 671,66 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურების სახით 3255,31 აშშ დოლარის, სულ 37510,40 აშშ დოლარის გადახდა;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

მ. სულხანიშვილი