Facebook Twitter

№ას-236-228-2012 21 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ შპს ,,პ. ფ-ა”

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „... №1 საავადმყოფო“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „პ. ფ-ამ“ შპს „... №1 საავადმყოფოს“ მიმართ და მოითხოვა შპს „... №1 საავადმყოფოს“ მის სასარგებლოდ დავალიანების, მედიკამენტების ღირებულების 35 473.41 ლარისა და მათ მიერ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1064.20 ლარის დაკისრება.

მოპასუხე შპს ,,... №1 საავადმყოფომ” მთლიანად ცნო წარმოდგენილი სარჩელი, იგი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, რომ მას ნამდვილად გააჩნდა დავალიანება მოსარჩელის მიერ მიწოდებული მედიკამენტების ღირებულება 35 473,41 ლარი, მაგრამ საავადმყოფოში არებული ფინანსური მდგომარეობს გამო არ შეეძლო დავალიანების ერთდროულად დაფარვა და მოსარჩელისგან მოითხოვა გარკვეული ვადის ნაწილ-ნაწილ გადასახდელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „პ. ფ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „... №1 საავადმყოფოს“ შპს „პ. ფ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა მედიკამენტების ღირებულების სახით არსებული დავალიანების 35473.41 ლარის გადახდა, მოპასუხე შპს „... №1 საავადმყოფოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 532.50 ლარის გადახდა, შპს „პ. ფ-ას“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის სანაცვლოდ, მოსარჩელე შპს „პ. ფ-ას“ დაუბრუნდა მის მიერ 2011 წლის 15 აგვისტოს სს „თბილისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი – 532.50 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „..... №1 საავადმყოფომ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და ამავე სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მისი განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე 2012 წლის 24 იანვარს, 15.00 საათზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბერს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართა შპს „პ. ფ-ამ“ და მოითხოვა უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება სს „კორ სტანდარტ ბანკში“ გახსნილი შპს „..... №1 საავადმყოფოს“ საბანკო ანგარიშებზე (ბანკის კოდი 2201010945 ანგარიშის ნომერი: GE47GR0000000001004501).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „პ. ფ-ას“ განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა შპს „პ. ფ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 18 მაისის №01-10/1770 მომართვის საფუძველზე 2011 წლის 20 მაისს შპს „...... №1 საავადმყოფოს“ კაპიტალიდან ამოღებულ იქნა და აჭარის არ საკუთრებაში გადაეცა შპს „... №1 საავადმყოფოს“ კუთვნილი შენობა და მიწის ნაკვეთი. შპს „... №1 საავადმყოფო“ დროებით განთავსებულია შპს „... რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ შენობაში. საავადმყოფო არ ფუნქციონირებს და მისი შემოსავლები მთლიანად დამოკიდებულია პაციენტის მხრიდან დარჩენილი დავალიანების ამოღებაზე. შესაბამისად, ამ გარემოებებზე დაყრდნობით საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სარჩელის უზურნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში მომავალში ან შეუძლებელი გახდება ან ძალიან დაბრკოლდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს „პ. ფ-ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. საჩივრის ავტორმა კი ვერ დაასაბუთა ასეთი აუცილებლობა, ხოლო მითითებული გარემოება, რომ არ გაჭიანურდეს პროცესი არ წარმოადგენდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მტკიცებას მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან ირკვევა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების თაობაზე განცხადება, უნდა შეიცავდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ ღონისძიების განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებას, ისე, რომ განცხადებაში მითითებულმა გარემოებებმა სასამართლოს უნდა შეუქმნას მყარი ვარაუდი Dშემდგომში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა პროცესის აჭიანურებს, ხოლო პროცესის გაჭიანურება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე მეტყველებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ვინაიდან კანონით ზუსტადაა რეგლამენტირებული, რომ სარჩელის უზურნველყოფა მაშინ ხორციელდება თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც საქმის მასალებითY ირკვევა, შპს „... №1 საავადმყოფოს“ სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის გაჭიანურების საფუძველი, რაშიც საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხეს ხედავს –აღარ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა გამოტანილი და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,პ. ფ-ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ.ალავიძე