№ას-1772-1752-2011 16 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. კ-ე, დ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 04 აგვისტოს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ს. კ-ემ და დ. კ-მა მოპასუხე ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს წილის დათმობის ხელშეკრულების გაუქმება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 05 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს ს. კ-ემ და დ. კ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 05 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა და ს. კ-ემ, მოითხოვეს მისი გაუმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ს. კ-ისა და დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა წილის დათმობის ხელშეკრულების გაუქმება, სადაც დავის საგანი (წილის ოდენობა) განსაზღვრულია 902 ლარით, რომელიც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. კ-ემ და დ. კ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებდა განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად კანონიერად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს. კ-ისა და დ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას, რომელიც ეხებოდა წილის დათმობის ხელშეკრულების გაუქმებას, სადაც დავის საგანი (წილის ოდენობა) განსაზღვრული იყო 902 ლარით, რომელიც არ აღემატება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისიწნებულ 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. კ-ისა და დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. კ-ისა და დ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.