Facebook Twitter

ას-1255-1275-2011 9 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. ქ-ე, ნ. და გ. ხ-ები

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, მ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და ნ. ხ-ების, მ. ქ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 22 მაისს გ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 1096 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე ნ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 1008 კვ.მ-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება.

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას საქმეში სათანადო მოსარჩელედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებითYსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოურკვევია მ. ქ-ის კეთილსინდისიერების ფაქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2005 წლის 20 აპრილის მდგომარეობის საჯარო რეესტრის ამონაწერითა და გ-ოს თემის საკრებულოს 2005 წლის 27 აპრილის ¹4 სხდომის ოქმის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ოში მდებარე 885 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო ნ. ხ-ი;

2. 2005 წლის 14 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. გ-ოში, 1096 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, გ-ოს თემის საკრებულოს 2005 წლის 27 აპრილის ¹4 სხდომის ოქმის საფუძველზე, წარმოადგენდა გ. ხ-ი;

3. მხარეთა განმარტებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 2008 წლის 22 მაისს ნ. ხ-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ოში 1008 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღირიცხა მ. ქ-ე;

4. მ. ქ-ეს, მეორე მხრივ კი, გ. და ნ. ხ-ებს შორის გარიგება დაიდო მ. ქ-ის მეგობარ ბაკურ ხ-ის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად გ. ხ-ის ძმისშვილია;

5. სადავო გარიგებათა დადების დროს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთებზე ნ. და გ. ხ-ების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ დავაზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 27 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანამდე 5 დღით ადრე მ. ქ-ესთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდაა და მყიდველი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. გ-ოში, მდებარე სადავო მიწის ნაკვეთების გამყიდველთა საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი, გ-ოს თემის საკრებულოს აღიარების კომისიის სხდომის ოქმები, ბათილია;

7. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - ც. დ-ისა და ნ. ხ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ნ. და გ. ხ-ების მიმართ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვას მ. ქ-ე ესწრებოდა;

8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, ნ. ხ-მა აჩვენა, რომ მ. ქ-ე არის მისი ნაცნობი და მასთან ახლო ურთიერთობა არ გააჩნია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით და მიუთითა, რომ უფლების შემძენს ევალება არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნის ვალდებულება, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის კი საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტროს მონაცემთა გათვალისწინება, არამედ არსებითია მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება. მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარიგების დადებამდე მ. ქ-ემ იცოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავის არსებობის თაობაზე, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, მოცემულ შემთხვევაში, არ მოქმედებდა და რეესტრში არსებული ჩანაწერი ვერ გახდებოდა მ. ქ-ის როგორც შემძენის კეთილსინდისიერების გარანტი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც გამყიდველის - ნ. და გ. ხ-ების საკუთრებასთან დაკავშირებული ჩანაწერი ხარვეზიანი იყო, ამასთან მყიდველისათვის ცნობილი იყო ამ ჩანაწერთან დაკავშირებული დავის შესახებ, სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, გ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 2008 წლის 22 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სოფ. გ-ოში მდებარე 1096 კვმ მიწის ნაკვეთზე, ასევე ნ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 2008 წლის 22 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სოფელ გ-ოში მდებარე 1008 კვმ მიწის ნაკვეთზე და ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი ბათილი იყო.

აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. საქმეში არ არსებობს იმისი დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ. ქ-ისათვის ქონების შეძენამდე ცნობილი იყო ნ. და გ. ხ-ების წინააღმდეგ მიმდინარე დავის თაობაზე;

2. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საჯარო რეესტრის ჩანაწერები, რომელთა თანახმადაც ნ. და გ. ხ-ებს სადავო ქონება 2005 წლიდან აქვთ დარეგისტრირებული;

3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. ქ-ისათვის 2008 წლის 22 მაისს ცნობილი ვერ იქნებოდა იმ უფლებრივი ნაკლის არსებობის თაობაზე, რომელიც 2008 წლის 19 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა;

4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მ. ჯ-ის მიერ წარდგენილ მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, საიდანაც ცალსახად არ დასტურდება, რომ მ. ქ-ე ნამდვილად ესწრებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სხდომებს ადმინისტრაციულ საქმეზე;

5. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი;

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებაში ასახული მითითებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2005 წლის 20 აპრილის მდგომარეობის საჯარო რეესტრის ამონაწერითა და გ-ოს თემის საკრებულოს 2005 წლის 27 აპრილის ¹4 სხდომის ოქმის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ოში მდებარე 885 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო ნ. ხ-ი;

2. 2005 წლის 14 ივლისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. გ-ოში, 1096 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, გ-ოს თემის საკრებულოს 2005 წლის 27 აპრილის ¹4 სხდომის ოქმის საფუძველზე, წარმოადგენდა გ. ხ-ი;

3. მხარეთა განმარტებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 2008 წლის 22 მაისს ნ. ხ-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ოში 1008 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღირიცხა მ. ქ-ე;

4. მ. ქ-ეს, მეორე მხრივ კი, გ. და ნ. ხ-ებს შორის გარიგება დაიდო მ. ქ-ის მეგობარ ბაკურ ხ-ის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად გ. ხ-ის ძმისშვილია;

5. სადავო გარიგებათა დადების დროს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთებზე ნ. და გ. ხ-ების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ დავაზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2008 წლის 27 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანამდე 5 დღით ადრე მ. ქ-ესთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა და მყიდველი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რ-ნის სოფ. გ-ოში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთების გამყიდველთა საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი, გ-ოს თემის საკრებულოს აღიარების კომისიის სხდომის ოქმები, ბათილია;

7. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა: ც. დ-ისა და ნ. ხ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ნ. და გ. ხ-ების მიმართ, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვას მ. ქ-ე ესწრებოდა;

8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ. ხ-მა აჩვენა, რომ მ. ქ-ე არის მისი ნაცნობი და მასთან ახლო ურთიერთობა არ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). «დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია» გულისხმობს მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რის შედეგადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, იყო თუ არა მ. ქ-ისათვის ქონების შეძენამდე ცნობილი ნ. და გ. ხ-ების წინააღმდეგ მიმდინარე დავის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები კი, არასარწმუნოა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ც. დ-ემ და ნ. ხ-ემ მიუთითეს, რომ მ. ქ-ე ესწრებოდა ნ. და გ. ხ-ების მიმართ, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუგებარია კასატორის მითითება ჩვენებების წინააღმდეგობრიობაზე, რადგანაც ორივე მოწმის ჩვენებიდან ნათლად ირკვევა ის ფაქტი, რომ მ. ქ-ე ადმნისტრაციული საქმის განხილვას პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ესწრებოდა. მოწმეთა ჩვენებების არასარწმუნოობაზე კი, საქმის მასალები არ მიუთითებს. აქვე აღსანიშნავია, რომ სააპელაციო ინსტანციაში ხსენებული ადმინისტარციული საქმის განხივლისას მ. ქ-ე მესამე პირად იყო ჩაბმული.

აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მ. ქ-ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საჯარო რეესტრის ჩანაწერების სადავოობის შესახებ, აღნიშნული კი, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებულ რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის მოქმედებას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით სადავო ნივთის გასხვისება აკრძალული არ არის. ამის დასტურია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ დავის პროცესში ნივთის გასხვისება არ წარმოადგენს არამართლზომიერ ფაქტს, ამასთან, შესაძლებელია, რომ შემძენისათვის სულაც არ იყოს ცნობილი დავის თაობაზე და იგი კეთილსინდისიერ შემძენად ჩაითვალოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემძენისათვის ცნობილია ნივთთან დაკავშირებული დავის თაობაზე, იგი ხდება იმ რისკის მატარებელი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგეს ამ ნივთის მიმართ. თუ დაკმაყოფილდება სარჩელი, შემძენს მოეთხოვება კანონიერ მესაკუთრედ ცნობილი მოსარჩელისათვის ნივთის დაბრუნება.

განსახილველ შემთხვევაში მ. ქ-ისათვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სასამართლო დავის თაობაზე, შესაბამისად, ამ პირობებში ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, იგი ნებაყოფლობით გახდა ქონების შესაძლო ჩამორთმევის რისკის მატარებელი. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის სოფ. გ-ოში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთების გამყიდველთა საკუთრებაში აღრიცხვის საფუძველი, გ-ოს თემის საკრებულოს აღიარების კომისიის სხდომის ოქმები, ბათილად იქნა ცნობილი, ანუ მიწის ნაკვეთის გამსხვისებლის საკუთრების უფლება არამართლზომიერად ჩაითვალა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი წარმოიშვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივარი სამართლებრივ არგუმენტებს მოკლებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება