ას-936-974-2011 15 თებერვალი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმაცხადებელი _ ი/ბ ამხანაგობა «ი-ი 91»
წარმომადგენელი _ თ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები_ დ. შ-ე, შ. შ-ე
განმაცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულების აღიარება; ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. და შ. შ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობების «ი-ი 2-სა» და «ი-ი 91-ის» მიმართ და მოითხოვეს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, საცხოვრებელი ფართისა და ავტოფარეხის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. და შ. შ-ეების სასარჩელო მოთხოვნა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
2010 წლის 7 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. და შ. შ-ეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დ. და შ. შ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნულ განჩინებაში დავის საგნად მითითებულია: ვალდებულების შესრულებისა და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად აღიარება.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა «ი-ი 91-ის» წარმომადგენელმა თ. წ-მა და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, განჩინებაში არასწორადაა მითითებული დავის საგანი, ნაცვლად ვალდებულების შესრულების აღიარებისა და ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად აღიარებისა, უნდა იყოს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი 91-ის» წარმომადგენელ თ. წ-ის განცხადება სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში მითითებული დავის საგანი არ წარმოადგენს უსწორობას.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით დ. და შ. შ-ეების საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. 2011 წლის 20 ივლისს მოსარჩელეებმა წარმოადგინეს განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ. აღნიშნული განცხადებით შეამცირეს საკასაციო მოთხოვნა. კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი კატეგორიის მენაშენეთა სიაში შეყვანა, ბინის ღირებულების გადახდის ნაწილში ვალდებულების შესრულებისა და სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებებში დავის საგანი მიეთითა სწორედ დაზუსტებული განცხადების შესაბამისად _ ვალდებულების შესრულების აღიარება, რაც გულისხმობს კასატორის მოთხოვნას ბინის ღირებულების გადახდის ნაწილში ვალდებულების შესრულების აღიარებას და ვალდებულებით სამართლებრივი ურთიოერთობის სუბიექტად აღიარება, რაც ასევე გულისხმობს კასატორის მოთხოვნას პირველი კატეგორიის მენაშენეთა სიაში შეყვანის თაობაზე. ამასთან, 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია მიკუთვნებით სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა ავტოფარეხებისა და ფართების გადაცემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი-ი 91-ის» წარმომადგენელ თ. წ-ის განცხადება სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი/ბ ამხანაგობა «ი-ი 91»-ის» წარმომადგენელ თ. წ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.