ას-1757-1738-2011 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი, სასაზღვრო მიჯნის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. ა-ს დაევალა მოსარჩელის ეზოს სასაზღვრე მიჯნის აღდგენა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული 1978 წლის 24 ოქტომბრის ნახაზის მიხედვით, ასევე მოპასუხეს დაევალა ქ.ქუთაისში, ყ-ის ქ. ¹35-ში მ. კ-ის სახლის კედლის გასწვრივ განთავსებული დამხმარე ნაგებობის (ღია ავტოსადგომი) კოლენებს შორის ამოშენებული კედლების დემონტაჟი, ატმოსფერული ნალექის და საყოფაცხოვრებო წყლის მილების მოწყობის ნაწილში და მ. კ-ის ეზოში გადაყრილი ქვების გატანის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. კ-ის სარჩელი სასაზღვრე მიჯნის აღდგენისა და კოლენებს შორის ამოშენებული კედლების დემონტაჟის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მ. კ-ს რ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა რ. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა _ 150 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მ. კ-ს რ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის გადახდა რ. ა-ის მიერ საპროცესო ხარჯის სახით გაღებული თანხის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის ორდერით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მა თავის წარმომადგენელ გურამ გოცირიძეს მომსახურებისათვის გადაუხადა 400 ლარი (ს.ფ. 225);
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დანიშნული იყო ექსპერტიზა;
საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის ორდერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მომსახურების სახით რ. ა-მა გადაიხადა 200 ლარი (ს.ფ. 229).
ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის, 53-ე, 47-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით მ. კ-ს რ. ა-ის სასარგებლოდ უნა დაკისრებოდა 600 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, მ. კ-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩნებით დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
მ. კ-მა საკასაციო საჩივარი წარადგინა ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის დამატებით გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და მოპასუხისათვის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით და ამასთან, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 53-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს ე. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ს.ს. ბანკი «რესპუბლიკა» ბანკის BIჩ კოდი: ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 Bღ00 0000 0033 0500 01.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.