Facebook Twitter

ას-30-30-2012 3 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. ჩ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. ჩ-ის სარჩელის გამო, ე. ჩ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2012 წლის 6 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ე. ჩ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ე. ჩ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, რადგანაც საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ე. ჩ-ის წარმომადგენელებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ნ. გ-ს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.133) ჩაბარდა 2011 წლის 7 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.18), ხოლო გ. მ-ემ განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 22 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ. 21). საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება კანინის მოთხოვნათა შესაბამისად მიიჩნია. საკასაციო პალატის ზემოაღნიშული განჩინებით არ იქნა გაზიარებული ე.ჩ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის მიერ კერძო საჩივარში აღნიშნული გრემოება, რომ მხარემ (ე.ჩ-მა) უარი თქვა ნ. გ-ის წარმომადგენლობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის განხილვის დასრულების შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა და არც სხვა გზით დასტურდებოდა, მითითებული გარემოების გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 დეკემბრიდან, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა ე. ჩ-ის წარმომადგენელთაგან პირველს _ ნ. გ-ს და დამთავრდა 2011 წლის 19 დეკემბერს, კერძო საჩივარი კი, მეორე წარმომადგენელ გ. მ-ის მიერ შეტანილი იყო 2011 წლის 27 დეკემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 416-ე მუხლისა და მე-60 მუხლის თანახმად, არ არსებობდა ე.ჩ-ის კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.

2012 წლის 26 იანვარს ე. ჩ-ის წარმომადგენელმა გ.მ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-69-ე მუხლების, ასევე 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის, ასევე მისი აღდგენის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებლის განმარტებით, არც მისთვის და არც მარწმუნებელ ე. ჩ-ისათვის ცნობილი არ იყო ე.ჩ-ის ყოფილი წარმომადგენელის _ ნ.გ-ის მიერ საკუთარი ინიციატივით სააპელაციო საჩივრის შეტანის თაობაზე, ასევე სასამართლოს მიერ საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ, რის შეტყობინების ვალდებულებაც ნ.გ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გააჩნდა და მან აღნიშნული ვალდებულება უხეშად დაარღვია. წარმომადგენლის არასწორი ქმედების გამო მარწმუნებელს წაერთვა შესაძლებლობა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დაიცვას მისი უფლებები.

საკასაციო სასამართლო მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაციის ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ გ.მ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებიდან, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ამა თუ იმ საპროცესო წესის მიმართ, უფრო მეტიც, კანონმდებლის ზემოაღნული პოზიცია გამყარებულია თითოეული ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების სპეციალურ წესებში.

რაც შეეხება სამოქალაქო საპროცეოსო კოდექსის მე-10 კარით გათვალისწინებულ საქმის წარმოების სპეციალურ სახეს _ კერძო საჩივრის განხილვას, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე კოდექსის 416-ე მუხლზე, რომელიც ამ წესით საქმის განხილვისათვის სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და დადგენილია, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონით ზემოაღნიშნული 12-დღიანი ვადა მხარის მიერ დარღვეულია, რაც არც განცხადებით გაუხდია სადავო მხარეს, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ე.ჩ-ის წარმომადგენელ გ.მ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთანავე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები (ნ.გ-ის ბრალეული ქმედებით მხარისათვის უფლების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაცვის შეზღუდვის შესახებ) საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, არამედ ემყარება მხოლოდ გ.მ-ის განმარტებებს (არ დასტურდება ნ.გ-ისათვის უფლებამოსილების კანონით დადგენილი წესით გაუქმება), ხოლო განცხადების არგუმენტები, კერძო საჩივრის შეტანისათვის საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობას, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-69-ე მუხლების მოქმედება განსახილველ შემთხვევას არ არეგულირებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ჩ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ჩ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისა და ამ ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.