№ას-1244-1264-2011 24 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. ს-ის, მ. გ-ისა და ჯ. თ-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე – ო. ნ-ას სარჩელის გამო მ. გ-ის, თ. ს-ის, ჯ. თ-ისა და ნ. ლ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მიკუთვნების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ჯ. თ-ის, მ. გ-ისა და თ. ს-ის, ასევე ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-ს, თ. ს-ს, ჯ. თ-ესა და ი. ც-ს შორის 2008 წლის 5 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, კ-ას მე-2 შესახევევის №1ა-ში, ბათილად იქნა ცნობილი ი. ც-სა და ნ. ლ-ეს შორის 2008 წლის 10 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, კ-ას მე-2 შესახევევი №1ა-ში, ო. ნ-ას მიეკუთვნა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, კ-ას მე-2 შესახვევის №1ა-ში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. გ-ის, თ. ს-ის, ჯ. თ-ისა და ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორებს დაუბრუნდათ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინება ჯ. თ-ეს, თ. ს-სა და მ. გ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ 2012 წლის 1 თებერვალს.
2012 წლის 17 თებერვალს თ. ს-მა, მ. გ-მა და ჯ. თ-ემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით მათი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. ამდენად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათი სარჩელი, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით ამავე კასატორების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ განმცხადებელები სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არიან ცნობილები, მოითხოვეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნება.
საკასაციო პალატა მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ ის თავისი შინა-თ წარმოადგენს განცხადებას სასამართლო ხარჯების ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე ნორმის 31 ნაწილით განსაზღვრულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის პროცესუალური წესი და დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოთხოვნის განხილვის კიდევ ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლითაც იმპერატიულ წინაპირობად მიჩნეულია შემდეგი: დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, პალატა თვლის, რომ ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განჩინების მხარისათვის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინება კასატორებს ეცნობათ პირადად საქმეში მითითებულ ტელეფონზე 2012 წლის 1 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში უნდა იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მითითებულიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია შეტყობინება გადასცეს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომდგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება (გადაცემა) უტყუარი წინაპირობაა საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული ნორმის დებულების გათვალისწინებით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მხარეთათვის შეტყობინების გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან – 2012 წლის 2 თევერვლიდან და ამოიწურა 2012 წლის 8 თებერვალს. თ.ს-მა, მ.გ-მა და ჯ.თ-ემ კი, სასამართლოს განცხადებით მომართეს 2012 წლის 17 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, ხოლო 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით გასწორდა სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობანი, კერძოდ, გასწორდა საქმის სარეგისტრაციო ნომერი და კასატორ მ.გ-ისათვის დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, მართალია, აღნიშნული განჩინება მხარეებმა მოგვიანებით ჩაიბარეს, თუმცა ვერც აღნიშნული გახდება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადების დაშვების წინაპირობა, რადგანაც უსწორობის გასწორების შესახებ განჩინება შეეხო მხოლოდ აშკარა არითმეტიკულ შეცდომასა და მცირე მნიშვნელობის უზუსტობებს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის დენა სწორედ 2012 წლის 25 იანვრის განჩინების შეტყობის დღის მომდევნო დღიდან უნდა იქნას დაწყებული.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან განმცხადებლებმა დაარღვიეს კანონით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის წარდგენის 7-დღიანი ვადა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთანავე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს იმ გარემოებაზეც, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი განსაზღვრული და გადაწყვეტილია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ს-ის, მ. გ-ისა და ჯ. თ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.