Facebook Twitter

ბს-391-375(კ-06) 24 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. ა-ემ სარჩელი აღძრა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეს გენერალური პროკურატურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ნ. ა-ე 2003წ. 1 მაისიდან მუშაობდა ლაგოდეხის რაიონული პროკურატურის ........ თანამდებობაზე. 2005წ. 24 იანვრიდან იგი გავიდა სადეკრეტო შვებულებაში და გაუფორმდა შრომისუუნარობის ფურცელი ¹021354. სადეკრეტო შვებულებაში გასვლამდე იგი სამუშაოს ასრულებდა გურჯაანის პროკურორის დავალებით, თუმცა მას არ მიუღია 2004წ. ნოემბრისა, დეკემბრის და 2005წ. იანვრის ხელფასი.

პროკურატურის ორგანოებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, ლაგოდეხის რაიონის პროკურატურა შეუერთდა გურჯაანის რაიონის პროკურატურას. ნ. ა-ემ წერილობით მიმართა გურჯაანის და ლაგოდეხის პროკურორებს, რომლითაც ითხოვდა გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა და «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111.2 მუხლის თანახმად, რომელიც კრძალავს მოხელე ორსული ქალის სამუშაოდან დათხოვნას, არ გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან. მოგვიანებით, როდესაც მოსარჩელე დაუკავშირდა პროკურატურის კადრების ინსპექტორს, შეიტყო, რომ იგი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და ვერც კუთვნილ ხელფასს მიიღებდა. მოთხოვნის მიუხედავად, ნ. ა-ეს არ ჩაჰბარებია გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 მარტის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი განსჯადობით გადაიგზავნა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხემ _ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ ნ. ა-ე გენერალური პროკურორის 2004წ. 2 აგვისტოს ¹171-პ §433 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა ლაგოდეხის რაიონული პროკურატურის ......... თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა მოვალეობის შესრულება. კადრების განკარგულებაში ყოფნის სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გენერალური პროკურორის ¹448 ბრძანების 279-ე პარაგრაფის თანახმად, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის I ნაწილის «ვ” პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად – პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა ნ. ა-ის მითითებას იმის შესახებ, რომ ორსულობის გამო მისი გათავისუფლება დაუშვებელი იყო «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111.2 მუხლის თანახმად, რადგან მოსარჩელემ შესაბამისი ცნობა წარადგინა სამსახურიდან მისი დათხოვნის შემდეგ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე განმარტა, რომ ნ. ა-ის სარჩელი იყო ხანდაზმული, რადგან სარჩელი აღძრა 2005წ. 7 მარტს, მაშინ, როცა გათავისუფლების შესახებ მისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 9 ნოემბერს, რაც მოსარჩელის მიერ პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით დასტურდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

2004წ. 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურორის ¹171-პ ბრძანების 433-ე პარაგრაფით, «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ნ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა ლაგოდეხის რაიონული პროკურატურის ..........-ის მოვალეობის შესრულება.

საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების 279-ე პარაგრაფით «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი ნ. ა-ე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.

სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ვადას ითვალისწინებს საქართველოს კანონი «საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს‚ ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგების ბათილად გამოცხადებას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-ემ კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გაუშვა. ვინაიდან მისთვის ჯერ კიდევ 2004წ. ნოემბერს იყო ცნობილი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, მაშინ, როცა სარჩელი სასამართლოში მხოლოდ 2005წ. 10 მარტს შეიტანა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

იგი მუშაობდა ლაგოდეხის რაიონულ პროკურატურაში ............-ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2004წ. 4 ნოემბრის ბრძანებით. აღნიშნულის შესახებ ტელეფონით მას შეატყობინეს 9 ნოემბერს, ხოლო შემდეგ, 12 ნოემბერს სიტყვიერად აცნობა გურჯაანის რაიონის პროკურორის მოადგილემ, თუმცა ბრძანება არ ჩაჰბარებია. Nნ. ა-ემ არაერთხელ მიმართა პროკურატურის ორგანოებს, სადაც მას აიმედებდნენ, რომ აღადგენდნენ თანამდებობაზე. მაგრამ 2005წ. 1 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილისგან მიიღო პასუხი, რომ მას ვერ აღადგენდნენ თანამდებობაზე. Aრის შემდგომ მან გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსათვის.

აპელანტს მიაჩნია, რომ უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან, კერძოდ, 2004წ. 2 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე იგი გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში და 2004წ. 4 ნოემბერს ¹448 ბრძანების 279-ე პარაგრაფის საფუძველზე _ გაათავისუფლეს. საქართველოს პროკურატურას არ დაუცვია «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა წინასწარი ერთთვიანი გაფრთხილების შესახებ, ასევე, ამავე კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა _ მოხელე ქალის დათხოვნა ორსულობის პერიოდში. მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 126-ე მუხლით გათვალისწინებული, შრომის წიგნაკში მუშაკის გათავისუფლების შესახებ მონაცემების ჩაწერის ვალდებულება, ასევე, შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მოთხოვნა მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლებისას შრომის წიგნაკის ჩაბარების შესახებ.

აპელანტი, ასევე, არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მის მიერ გაშვებულ იქნა სასამართლოში მიმართვის ერთთვიანი ვადა არასაპატიო მიზეზით, რადგან მან შრომის კანონთა კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიმართა გენერალურ პროკურორს მოთხოვნით სამუშაოზე აღდგენისა და ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ. მას ჰპირდებოდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, მაგრამ, როდესაც 2005წ. 1 მარტს მიიღო უარყოფითი პასუხი, ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს, შესაბამისად, მის მიერ ვადა გაშვებულ იქნა საპატიოდ.

სააპელაციო საჩივრით ნ. ა-ემ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე, 112-ე მუხლების შესაბამისად, საავადმყოფოს ფურცლით გათვალისწინებული კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოწინააღმდეგე მხარემ – საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

«პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34.2 მუხლის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 2 აგვისტოს ¹171-პ ბრძანების ამონაწერის შესაბამისად, პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ნ. ა-ე გათავისუფლდა ლაგოდეხის რაიონული პროკურატურის .......... თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა მოვალეობის შესრულება. გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით, «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34.1 და 34.2 მუხლების შესაბამისად, კადრების განკარგულებაში მყოფი ნ. ა-ე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ნ. ა-თვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2004წ. 9 ნოემბერს, რაც მის მიერ გენერალური პროკურორის სახელზე დაწერილი 2004წ. 9 ნოემბრისა და 9 დეკემბრის განცხადებებით დასტურდებოდა. აღნიშნული აპელანტმა სააპელაციო საჩივარშიც დაადასტურა. სარჩელი კი სასამართლოში შეიტანა 2005წ. 10 მარტს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის თანახმად, მოხელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება და მოქმედება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან კი ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა-ის სარჩელი «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის მიხედვით არის ხანდაზმული გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 18 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამუშაოზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

კასაციის მოტივები:

2003წ. მაისიდან კასატორი მუშაობდა ლაგოდეხის პროკურატურის ......... თანამდებობაზე. გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან, თუმცა გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაჰბარებია. კასატორი თანამდებობიდან გათავისუფლებისას იმყოფებოდა ორსულად. მან სამსახურში წარადგინა შრომისუუნარობის ფურცელი 2005წ. 24 იანვარს. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა – მოხელე ქალი არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ორსულობის პერიოდში შტატების შემცირების გამო. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მოპასუხის მხარის მიერ არასწორად იქნა მითითებული ნ. ა-ის გათავისუფლების საფუძვლები, რადგან აღნიშნულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კანონის 34.2 მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს ასაკობრივი ზღვარი‚ ხოლო, კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იგი არ არის საპენსიო ასაკს მიღწეული. კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2005წ. 1 მარტიდან, რადგან მისი თანამდებობაზე აღდგენის საკითხი მანამდე განიხილებოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სამსახურში აღდგენაზე უარის მიღების შემდეგ მან მიმართა სასამართლოს.

ნ. ა-ემ მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში – 2004წ. ნოემბერ-დეკემბრის ხელფასი 320 ლარი, 2005წ. 1-დან 24 იანვრამდე - 117 ლარი, სადეკრეტო ბიულეტენის 120 დღის 693 ლარი, 2005წ. 2 ივნისიდან 2006წ. 3 ივლისამდე ხელფასი 2800 ლარი, მთლიანად 3210 ლარი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატორამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 18 იანვრის განჩინების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 18 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რამდენადაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა 2004წ. 4 ნოემბერს, სარჩელი კი სადავო ბრძანების გაუქმების შესახებ ნ. ა-ემ აღძრა 2005წ. 10 მარტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლისა და დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ნ. ა-ის სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება ან მოქმედება, ხოლო 24.06.05წ. კანონით შეტანილი ცვლილების მიხედვით, ამავე მუხლის 2I ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლას კანონმდებელი უკავშირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გადაცემას. ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება 24.06.05წ. კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანამდე იქნა გამოცემული, არ ადასტურებს ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის გაცდენას, ვინაიდან უდავოა, რომ აქტის გასაჩივრებისათვის პირისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გათავისუფლების მოტივები, აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამსახურე მოკლებულია შესაძლებლობას გაასაჩივროს აქტი.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც წყდება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაინტერესებული პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ა-ეს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ გენერალური პროკურორის 2004წ. 4 ნოემბრის ¹448 ბრძანება §279 ჩაჰბარდა 2005წ. 30 ივნისს. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ნ. ა-თვის ცნობილი გახდა 2005წ. 30 ივნისს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ა-ის მიერ ვერ იქნებოდა დარღვეული «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რამდენადაც ნ. ა-ეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა სასამართლოში მიმართვის შემდგომ სასამართლოსადმი შუამდგომლობის შედეგად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სარჩელის ხანდაზმულობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე, თუმცა ითხოვს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და საფუძვლის შეცვლას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, კანონიერი იყო თუ არა ნ. ა-ის გათავისუფლება სამსახურიდან «პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34.2 ნაწილის თანახმად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 53-ე, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 18 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;